ვაშაძე: მმართველ გუნდთან შეხვედრა დამთავრდა სრულიად უშედეგოდ

როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა მმართველი გუნდი აბსოლუტურად არაფრისთვის არ იყო მზად და უარი თქვა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის განხილვაზე.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ შეხვედრა დამთავრდა უშედეგოდ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ირმა ინაშვილი: დიპლომატების პოზიცია არის დიალოგის გაგრძელება და კონსესუსი >>

მისი თქმით, მმართველი გუნდი აბსოლუტურად არაფრისთვის არ იყო მზად და უარი თქვა ოპოზიციის მიერ შეთავაზებული მოდელის განხილვაზე.

„პირველი – მმართველი გუნდი ამ შეხვედრაზე მოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ განიცდიდა განუწყვეტლივ პრესს საქართველოს მოქალაქეებისგან, ოპოზიციისგან და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეებისგან. ისე არავითარ დიალოგზე, რა თქმა უნდა, ეს მმართველი გუნდი ან ე.წ. ხელისუფლება არ წამოვიდოდა. არაფრისთვის მზად არ იყვნენ. არავითარი არც წინადადება და არც იდეა არ ჰქონდათ. მესამე – კატეგორიული უარი თქვეს განხილვაზე იმ კომპრომისული შეთავაზების, რომელიც მოამზადა ოპოზიციამ და, რომელზეც გუშინ 30-მა პარტიამ მოაწერა ხელი“, - განაცხადა ვაშაძემ.
წულუკიანი: გერმანული მოდელი ანტიკონსტიტუციურია, საკითხი დახურულია

მისივე განმარტებით, თუ იქნება მეორე რაუნდი, გაერთიანებული ოპოზიცია დაესწრება შეხვედრას. რაც შეეხება შეხვედრის ფორმატს, მასზე არ იყვნენ მიწვეული ახალგაზრდული მოძრაობები და ორგანიზაციები, რომლებიც ზაფხულიდან მოყოლებული პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებად მიიჩნევიან. ამასთან დაკავშირებით ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს შეხვედრის ინიციატორებს, უცხოელ მედიატორებს მოეწვიათ ისინი, მაგრამ უშედეგოდ.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა თითქმის 6 საათს გაგრძელდა.

„მზად ვართ, მოვუსმინოთ ოპოზიციას“ - ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის შეხვედრა დაიწყო >>

თბილისში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან დაიწყო. მიზეზი საკონსტიტუციო პროექტის ჩაგდება გახდა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.