პოლიტიკის მძევალი ეკონომიკა, ანუ რისი „ეშინია“ ეროვნულ ვალუტას?

ეროვნული ბანკი ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ცდილობს ლარის გამყარებას, შედეგი არ ჩანს... რატომ, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკასა და სავალუტო ბაზარზე, რას ეფუძნება ანალიტიკოსთა პესიმისტური მოლოდინები?
Sputnik

სამსონ ხონელი

ჩამოვყალიბდი... ვერდიქტი მიღებულია და გადასინჯვას აღარ ექვემდებარება!.. არ იტყვი, ასეთი რა ხდება?! − ჩამეძიება მკითხველი. რა გაეწყობა, დავკონკრეტდები: გადავწყვიტე, პოლიტიკურ სცენაზე განვითარებულ პროცესებს ერთხანს მაინც ზურგი ვაქციო და ჩვენი დროების ყოფით პრობლემებზე ფიქრსა და მსჯელობას დავუბრუნდე. მომიტევონ ჩვენმა ღვაწლმოსილმა, ხალხის საკეთილდღეოდ დამაშვრალმა პოლიტიკოსებმა, თუ ჩავთვალე, რომ ჩვენებურებისთვის დღეს ლარის გაუფასურება, მზარდი ინფლაცია და გაძვირებული ცხოვრება უფრო აქტუალურია, ვიდრე მორიგი თუ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის წესზე გამართული პოლემიკა. შესაძლოა, მკითხველმა მიმანიშნოს – სავალუტო ბაზარზე განსაკუთრებული არაფერი ხდება, ეროვნული ვალუტა ამერიკული დოლარის მიმართ კვლავაც 2.97-2.98-ის ფარგლებში მერყეობს და გაუფასურების ჯერ კიდევ ზაფხულის მიწურულს გამოკვეთილ ტენდენციას ინარჩუნებსო, მაგრამ, ვეჭვობ, არ არის ასე...  

შადრევან I და პოლიტიკური წვრილფეხობა...

ორიოდე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა და, როგორც ანალიტიკოსების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ არა კობა გვენეტაძის უწყების ეს ნაბიჯი, ლარი სამიან ნიშნულს გადალახავდა. მათივე პროგნოზით, მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარება ნაკლებად სავარაუდოა. არადა, მკითხველს შევახსენებ, რომ ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით ეროვნულმა ბანკმა, აგვისტოს თვიდან მოყოლებული, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და შეცვალა კომერციული ბანკებისთვის მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმები. მიმდინარე თვის მეორე დეკადის დასაწყისში ქვეყნის პირველმა ბანკირმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ტრიბუნიდან მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება დააანონსა. კობა გვენეტაძის თქმით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გაგრძელდება მომავალშიც, ვიდრე არ დასტაბილურდება ლარის გაცვლითი კურსი და არ განეიტრალდება ინფლაციაზე სწორედ გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლა. ერთი სიტყვით, ეროვნული ბანკი ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ცდილობს ლარის გამყარებას, მაგრამ შედეგი არ ჩანს. რატომ, რა ხდება ქვეყნის ეკონომიკასა და სავალუტო ბაზარზე, რას ეფუძნება ანალიტიკოსთა პესიმისტური მოლოდინები?

სატელევიზიო „კარწინკა“... ანუ ფიქრები წყაროზე

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეროვნული ვალუტის კურსზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ეს არის ე.წ. საგარეო შოკები, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება, სუბიექტური თუ ობიექტური პრობლემები. ლარი დღეს ყველაზე კარგი ინდიკატორია, თუ რა ხდება ეკონომიკაში.   

სპეციალისტების ერთი ნაწილი მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე მიანიშნებს. მათი მოსაზრებით, ერთი შეხედვით პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება, კერძოდ, ექსპორტი იზრდება, იმპორტი კი იკლებს და მცირდება უარყოფითი სალდო საგარეო ვაჭრობაში. გარდა ამისა, მზარდია შემოსავლები ტურიზმის სფეროდან, გაზრდილია უცხოეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც. მკითხველი, შესაძლოა, ჩამეძიოს – სად არის პრობლემა? ანალიტიკოსების შეფასებით, ეროვნული ვალუტის მერყეობის ძირეული პრობლემა საკუთრივ საქართველოს ეკონომიკის სიმცირეა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძალიან მაღალი იმპორტდამოკიდებულება გვაქვს მეზობელ ქვეყნებზე, განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საკითხებს, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობას განეკუთვნება. რაც შეეხება ტურიზმს, ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ დარგის განვითარებას და საშუალო ევროპულ სტანდარტზე გასვლას დრო და ენერგია დასჭირდება. მთავარი − საგანგაშოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტენდენცია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტლის მაჩვენებელმა 187.0 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 53.7 პროცენტით ნაკლებია. არ არის უცხო, რომ ეს სავალალო ტენდენცია ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება. ამ საკითხზე ბოლო დროს ბევრს ვწერდი და მკითხველს შევახსენებ, რომ ანალიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლებამ, უპირველესად, მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა სასურველი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებაზე უნდა იზრუნოს. „თუ ჩვენ ნახტომისებური განვითარება გვინდა, უნდა ვიძლეოდეთ მკაფიო და ჯანსაღ სიგნალს − საქართველო მზად არის მიიღოს უცხოური ინვესტიციები, შექმნას ყველაზე ხელსაყრელი გარემო ბიზნესის განვითარებისათვის“, − აცხადებს ეკონომისტი მიხეილ ჭკუასელი და ძნელია არ გაიზიარო ეს მოსაზრება.

ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, „სასურველი საინვესტიციო გარემოს“ ფორმირება რამდენიმე მიმართულებას მოიაზრებს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური სტაბილურობაა. ქვეყნის ეკონომიკა პოლიტიკურ პროცესებზე მყისიერად რეაგირებს. არ არის საკამათო, რომ პოლიტიკურმა არასტაბილურობამ შესაძლოა უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა გამოიწვიოს, რასაც ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნა და ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყვება. ამ მოსაზრების დასტურად ანალიტიკური წრეებისა და ბიზნესის რამდენიმე წარმომადგენლის კომენტარს მოვიშველიებ.

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი: „ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ტიპის აქციები, სიტუაციის გამწვავება, ის, რაც რუსთაველის გამზირზე ვნახეთ, ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე. კონკრეტულად ლარის კურსზე, უცხოურ ინვესტიციებზე და ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო იმიჯზე...“

ეკონომისტი მიხეილ ჭკუასელი: „საპროტესტო აქციები ეკონომიკაში მორიგ პრობლემას შექმნის და პოლიტიკოსები უნდა გრძნობდნენ ამ პასუხისმგებლობას. დემოკრატია, თავისუფლება, მათ შორის უპირველესად გამოხატვის თავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი და სამოქალაქო საზოგადოება, პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, კანონის უზენაესობა, სამართლიანი სასამართლო არის ეკონომიკური თავისუფლების, სწრაფი ეკონომიკური ზრდის, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების აუცილებელი და გადამწყვეტი ფაქტორი...“

ერთი სიტყვით, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მოკლევადიან პერიოდში ქვეყნის ეკონომიკას მნიშვნელოვნად დააზარალებს. ამ საფრთხეზე ბიზნესის წარმომადგენლებიც მიანიშნებენ.

თბილისიდან ქალაქად და სოფლად... ანუ ვიცით თუ არა, რამდენი დაგორავს?

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი: „პოლიტიკური არასტაბილურობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ბიზნეს-პროცესებზე. ლარის კურსს უკვე შეეტყო რამდენიმე პუნქტით გაუარესება. პრობლემა არის და კიდევ უფრო გაღრმავდება უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებიც შეაჩერებენ ინვესტირების პროცესს... ამ ვითარებაში თუ მთავრობამ გამოსავალი ვერ იპოვა, ქართულ ეკონომიკას სერიოზული რყევა ემუქრება...“  

სად არის გამოსავალი? − უკვე დროა, დაინტერესდეს მკითხველი. სპეციალისტებისა და ექსპერტების მოსაზრებით, ამ მარტივ კითხვაზე პასუხიც მარტივია – ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და თანაც საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ეს მიზანი და ამოცანა უნდა ამოძრავებდეს ხელისუფლებას. თუმცა, მანამდე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მოსაგვარებელი: ქვეყნის ეკონომიკა უნდა გათავისუფლდეს ქუჩაში გასული პოლიტიკური პროცესების ნეგატიური გავლენისგან...