ჯერ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან – კახი კალაძის მსგავსად კორუმპირებული მერი თბილისს დიდი ხანია არ ჰყოლიაო, შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრმა და ასევე ყოფილმა „მეოცნებე“ ვატო შაქარაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის მერიის ტენდერებში იკვეთება მერის კორუფციული ინტერესები და კავშირები იმ ფირმებთან, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც ჰქონდათ პრიორიტეტი.
თუმცა ის, რომ ფულს ეროვნება და სუნი არა აქვს, საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა.
ასეთი ტიპის ბრალდებები ზოგადად ხელისუფლების მიმართ არც ახალია და არც შოკისმომგვრელი, მაგრამ ერთია, როცა მათ „ნაციონალი“ ლევან ხაბეიშვილი გამოთქვამს და მეორე – როცა უმრავლესობის წევრები, ან წარსულში „ქართული ოცნების“ ლიდერები ახმოვანებენ.
მასმედიაში სპეკულაციები გამოიწვია კახი კალაძის განცხადებამ, რომელიც მან გლდანში, მოსახლეობისთვის ერთ ლარად ბინების გადაცემის დროს გააკეთა – რომ ის და მისი გუნდი დღეს არიან ხელისუფლებაში, ხვალ, შესაძლოა, ოპოზიციაში იყვნენ, მაგრამ არასოდეს წავლენ სახელმწიფოს წინააღმდეგ.
სწორედ მერის ამ განცხადებამ გამოიწვია „აურზაური სალხინეთში“ და ატყდა ქარიშხალი ჭიქაში. სინამდვილეში კი თბილისის პირველ პირს არაფერი ეტყობა, რომ ოპოზიციაში წასვლას აპირებს. ის გულდასმით ამოწმებს იტალიაში გაბარებულ საახალწლო ნათურებს, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად სტუმრობს კომოს ტბას და ფიქრობს მომავალზე. კალაძის ხელწერაა – ახლო ურთიერთობა ჰქონდეს არა მხოლოდ პარტიის თავმჯდომარესთან, არამედ მის ხელდასმულ ყველა პირთან, მაგალითად, ირაკლი ღარიბაშვილთან თუ გიორგი გახარიასთან. თუმცა...
თუმცა არსებობს წყალქვეშა დინებებიც და ერთ-ერთი მათგანის შესახებ ხმები და ინფორმაციები მასმედიაში ამ დღეებში გავრცელდა, რომ კახი კალაძეს ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული გიორგი ხაინდრავა მტრობს დიდ დიღომში ნაკვეთის დაუმტკიცებლობის გამო და ამ კონფლიქტმა იმდენად სერიოზული სახე მიიღო, რომ ხაინდრავამ კალაძეს საკუთარი კვოტით პარლამენტსა და საკრებულოში მოხვედრილი მაჟორიტარებიც აუჯანყა. სწორედ ხაინდრავას პროტეჟედ ითვლება ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც დღეიდან უკვე ახალ საპარლამენტო ფრაქციაში აგრძელებს საქმიანობას, რომელსაც მარიამ ჯაში უხელმძღვანელებს.
დამატებითი ინტრიგა შემოაქვს საქმეში იმ ინფორმაციას, რომ 2016 წლისგან განსხვავებით 2020 წლის საარჩევნო სიას პირადად ბიძინა ივანიშვილი შეადგენს და არც კალაძეს და არც გახარიას საკუთარი გუნდები არ ეყოლებათ. ცნობილია, რომ პარტიის ლიდერი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოეთში მოღვაწე ქართველებთან, რათა ჩამოვიდნენ და დაეხმარონ ქვეყანას წინსვლაში.
რაც შეეხება კალაძეს, ჩვენი ინფორმაციით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებდა „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირებას, თუ პროპორციული სისტემა შევიდოდა ძალაში და მმართველ გუნდს კონსტრუქციული ოპოზიცია დასჭირდებოდა. მით უმეტეს, საზოგადოებასთან მუდმივი კომუნიკაციისა და თბილისის მსუყე ბიუჯეტის ხარჯვის შესაძლებლობის ფონზე მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალია. ახლა ასეთი საჭიროება აღარ არსებობს და ის ბოლომდე მიიყვანს მერობის ვადას, თუ იმავე ივანიშვილმა არ გადაწყვიტა კალაძის რეიტინგის გამოყენება საპარლამენტო არჩევნებისთვის. მარტო თბილისში ხომ ამდენი მაჟორიტარული საარჩევნო უბანია მოსაგები.
მოკლედ, პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მეგობრები არ არსებობენ, მაგრამ ამ ეტაპზე შესაძლოა ოპოზიციამ კი იოცნებოს, მაგრამ აწ უკვე პოლიტიკოსი კალაძე არსად წასვლას არ აპირებს.
ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები 5-10 წლის შემდეგ, ეს არა პოლიტიკური ექსპერტების, არამედ ასტროლოგების პროგნოზის სფეროა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!