თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ტაშკენტში ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა ლიდერების მეორე საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის საპატიო თავმჯდომარე ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი იყო, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“.
მოლაპარაკებებზე ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის პრეზიდენტებმა და ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი, დაწყებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობით, დასრულებული უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემებით.
„ეს კიდევ ერთი ნათელი დასტურია ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების მტკიცე პოლიტიკური ნებისა და რეგიონში ნდობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განმტკიცებისადმი მათი ერთგულებისა. ჩვენ ყოველმხრივ განვიხილეთ თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და კვლავ დავადასტურეთ პრინციპული არჩევანი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის აქტიური გაღრმავების სასარგებლოდ“, – განაცხადა უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა მოლაპარაკების დასრულებისას.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი კონსულტაციების ფორმატი იმაზე არ მიუთითებს, რომ მხარეები რაიმე რეგიონული ორგანიზაციის შექმნას გეგმავენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ასევე წყლით ერთობლივად სარგებლობის, კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებისა და ეკოლოგიურ გამოწვევებთან ბრძოლის საკითხები.
პრეზიდენტებმა ავღანეთის პრობლემაზეც ისაუბრეს. სახელმწიფოთა ლიდერები მხარს უჭერენ ამ ქვეყანაში ვითარების მოსაგვარებლად საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურებას.
„მოძმე ხალხს მომავალშიც აღმოვუჩენთ პრაქტიკულ დახმარებას, წამოვჭრით რეგიონულ ინიციატივებს და ერთობლივ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩვენი ხალხის მონაწილეობით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ზომები ავღანეთში ვითარების სტაბილიზაციის, მშვიდობიანი პროცესის გაგრძელებისა და ამ ქვეყანაში ეკონომიკური ვითარების გამოსწორების აუცილებელ პირობებს შექმნის“, – აღნიშნა მირზიოევმა.
სამიტის ბოლოს გაფორმდა რამდენიმე დოკუმენტი.
ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა მეთაურების მომდევნო საკონსულტაციო შეხვედრა ყირგიზეთში ჩატარდება. ზუსტი თარიღი ცნობილი ჯერ არ არის.
არაფორმალური სამიტის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა, ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა, ასევე ტაჯიკეთისა და თურქმენეთის ლიდერებმა – ემომალი რაჰმონმა და გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა.