საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა – დაშვებული

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.
Sputnik

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია. 

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ მარხვის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში — ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით