სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი იმოძრავებს

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. ამ პერიოდში საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. სტრასბურგში ექვსი თვის განმავლობაში ქართული ანბანით და საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი მორთული ტრამვაი იმოძრავებს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტრასბურგის ქუჩებში ქართული ანბანით გაფორმებული ტრამვაი ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით იმოძრავებს.

საქართველოს თავმჯდომარეობის ლოგოთი და ახალგაზრდა ქართველი კალიგრაფისტ ნიკოლოზ ღუნაშვილის მიერ დახატული ქართული ანბანის ასოებით მორთული ტრამვაის ინაუგურაცია სტრასბურგში Droits de l"homme-ის გაჩერებაზე მოხდა.

სამსახეობა ქართული ანბანისა, ანუ ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა>>

ცერემონიის ფარგლებში გაიჭრა სიმბოლური ლენტი და შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი. წითელი ლენტის გაჭრის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტმა და სტრასბურგის მერიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

პირველმა სტუმრებმა გაჩერება Droits de l"homme-იდან République-ის მოედნამდე იმოძრავეს.

საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება

ასევე, სტრასბურგის რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილია საქართველოს, როგორც თავმჯდომარე ქვეყნის, დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სტრასბურგის მერიის, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნისა და ევროპის საბჭოში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლის მონაწილეობით.

საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება. ამ პერიოდში საქართველო 20-მდე ღონისძიებას გაუწევს ორგანიზებას.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველოს განსაზღვრული აქვს ოთხი პრიორიტეტი: 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

საფრანგეთისგან თავმჯდომარეობის გადაბარების ცერემონია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე გაიმართება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარეს, სიმბოლურ გასაღებს გადასცემს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ამელი დე მონშალენი.