სისხლიანი დაპირისპირება პანკისში: ერთ-ერთი დაჭრილი ინტერპოლით ძებნილია

პანკისში დაპირისპირება ორ ოჯახს შორის შელაპარაკების ნიადაგზე დღეს მოხდა, შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი პირი, ხოლო დაიჭრა ოთხი ადამიანი
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პანკისის ხეობაში ორ ოჯახს შორის დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დაჭრილი პირი რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი აღმოჩნდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

პანკისის ხეობაში, სოფელ საკობიანოში დაპირისპირება ორ ოჯახს, ქავთარაშვილებსა და მუთოშვილებს შორის დღეს მოხდა. დაპირისპირებისას ერთი პირი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა.

დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

სისხლიანი დაპირისპირება პანკისის ხეობაში: ერთი მოკლული და ოთხი დაჭრილი

ინტერპოლით ძებნილი პანკისის მკვიდრი მურად ქავთარაშვილია. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ იძებნება ქავთარაშვილი, უცნობია.

ადგილობრივები ურთიერთშელაპარაკების ორ მიზეზს ასახელებენ, პირველია - პანკისში ჰესის მშენებლობა ხოლო მეორე ვერსიად კი ზემოთ ხსენებულ ორ ოჯახს შორის წლების წინ დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რაც კონფლიქტის მუდმივი მიზეზი იყო.

საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნისპირას ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა. ამას ადგილობრივების პროტესტი მოყვა, რაც მალევე არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობის აზრით ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლების დატოვება მოუწევთ.

ემუქრება თუ არა საქართველოს ენერგოდეფიციტი?>>

მოსახლეობის მწვავე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პანკისის სოფლის უხუცესებისა და მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდებოდა, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ სამშენებლო კომპანია „ფერი" სამუშაოების განახლებაზე ალაპარაკდა და ადგილობრივებთან კონსულტაციები დაიწყო.