რატომ დატოვა თანამდებობა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ბუაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის კერძო სექტორში მიდის
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა გალაქტიონ ბუაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

თბილისის მერმა ბუაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ის კერძო სექტორში მიდის.

„დავიღალე!“ – რამ გააბრაზა თბილისის მერი

„მე მესმის, ძალიან რთულია ათენო ღამეები, იმუშაო იმ პირობებში, რა პირობებშიც გვიწევს მუშაობა, თუმცა გაგიმ მართლაც ღირსეულად გაართვა თავი და ის იყო მართლაც ერთ-ერთი წარმატებული თავის სამსახურთან ერთად. კერძო სექტორში გადადის, უფრო მაღალი ხელფასით, ჩვენ ხელს არ შევუშლით, მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო", - განაცხადა კახა კალაძემ.

გალაქტიონ ბუაძე 2016 - 2018 წლებში სსიპ „მუნიციპალური განვითარების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი იყო, ასევე, 2016 წლის ნოემბრიდან 2018 წლის აპრილამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურს კი 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობდა.