თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ტყუპი შეეძინა. ახალშობილებს ანა და გიორგი დაარქვეს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბახტაძის პრემიერობის დროს მისი აპარატის ყოფილი უფროსი გიორგი ჭოლაძე ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამდებობიდან 2 სექტემბერს მოულოდნელად გადადგა და თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით განმარტება „ფეისბუქზე“ გააკეთა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად რამდენიმე დღის წინ მოექცა. ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამუკა ბახტაძე მარკეტინგის მენეჯერ იანა კოკოულინაზეა შეყვარებული, მათი სიყვარული უკვე ექვსი წელია გრძელდება. როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე, გვანცა ივანიშვილის საქმრო იყო, თუმცა ბახტაძემ მაშინ ამ ყველაფერს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის არც ერთ შვილს არ იცნობდა.
იანა კოკოულინას სოციალური ქსელის თითქმის ყველა გვერდი ან გაუქმებული აქვს, ან დახურული. ექს-პრემიერმა მამუკა ბახტაძემ, რომელიც სოციალურ ქსელში აქტიურობით თანამდებობის დატოვების შემდეგ არ გამოირჩევა, ცოტა ხნის წინ „ტელეგრამზე“ იანასთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, წყვილი ერთ-ერთ ზამთრის კურორტზე ისვენებს.