თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. ტარიფის ცვლილების შემთხვევაში, შპს „თბილისის მიკროავტობუსი“ მზადყოფნას გამოთქვამს, ავტოპარკი გონივრულ ვადებში განაახლოს, განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დავით ასანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია მიკროავტობუსების პარკის განახლებას გეგმავს. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ორი კვირის ვადა მისცა, რათა შესაბამის კომპანიასთან ერთად წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა, რომ 2020 წლიდან მიკროავტობუსების ჩანაცვლება დაიწყოს. როგორც კალაძემ განაცხადა, ყვითელი მიკროავტობუსები ტექნიკურად გაუმართავია და დროულ ჩანაცვლებას საჭიროებს.
დავით ასანიძე თბილისის მერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომპანიამ საქართველოს ბაზარზე ოპერირება 2011 წელს დაიწყო და გეგმის მიხედვით, შვიდი წლის თავზე ავტოპარკი სრულად უნდა განახლებულიყო. თუმცა, იმ პერიოდში დოლარის კურსი დაახლოებით, 1.65-ს შეადგენდა და მათი ბიზნეს გათვლაც ამ კურსზე იყო.
„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის ზარალზე მუშაობენ.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეისათვის კურსი რადიკალურად შეცვლილია, თუმცა არ ასახულა ტარიფში... კომპანიის ზარალი ამ წუთისთვის 115 მილიონ ლარს შეადგენს. ეს არის აუდიტირებული, დადასტურებული ზარალი. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ზარალზე ვმუშაობთ, რომელსაც ჩვენი კომპანიის მფლობელები ფარავენ დღემდე“, - განაცხადა ასანიძემ.
„თბილისის მიკროავტობუსში“ პრობლემების არსებობას არ უარყოფენ. ასანიძის თქმით, მიკროავტობუსები მართლაც ამორტიზირდა, დაძველდა და გამოცვლას საჭიროებს. თუმცა, დავით ასანიძე განმარტავს, რომ პარკის განახლება მხოლოდ მგზავრობის საფასურის გაზრდის ხარჯზეა შესაძლებელი.
„არავითარ შემთხვევაში არ ვცდილობთ, რომ რაიმე სხვანაირი გამოსავალი მოვძებნოთ, მაგრამ თუ მოხერხდება მგზავრობის ფასზე ამ პრობლემების ასახვა, მაშინ, რა თქმა უნდა, კომპანია შეძლებს, მიკროავტობუსების გარაჟი სრულად განაახლოს. თუ ამ საკითხის გათვალისწინება მოხდება, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიწყოთ 2020 წლიდან ავტოპარკის განახლება“, - განაცხადა ასანიძემ.
რატომ დატოვა თანამდებობა თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა >>
დღეისათვის თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დაახლოებით 1,8 ათასი მიკროავტობუსი ემსახურება. დღის განმავლობაში სამარშრუტო ტაქსებით 600 ათასზე მეტი ადამიანი სარგებლობს.