WADA საერთაშორისო შეჯიბრებებიდან რუსეთის ოთხი წლით მოხსნას მოითხოვს: ლავროვის კომენტარი

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ერთხელ უკვე ჩამოართვა სტატუსი რუსეთის ანტოდოპინგურ სააგენტოს 2015 წელს, რომლის აღდგენაც მხოლოდ სამი წლის შემდეგ მოხერხდა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა WADA-ს რეკომენდაციებზე, რომელიც რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს ანტიდოპინგურ კოდექსთან შეუსაბამოდ აღიარებას ითვალისწინებს.

„არიან ისეთები, ვისაც სურს, რუსეთი თავდაცვით პოზიციაში ჩააყენოს, ბრალდებულის პოზიციაში. თანაც, ყველაფერსა და ყველგან ბრალდებულის პოზიციაში, საერთაშორისო ცხოვრების რა სფეროც უნდა იყოს ეს: კონფლიქტები, ეკონომიკა, ენერგეტიკა, გაზსადენები...რუსეთი ყველგან რაღაცას არღვევს ან აკეთებს რაღაც ისეთს, რაც ხელს არ აძლევს დასავლეთის ერთ ან რამდენიმე ქვეყანას“, — განაცხადა მინისტრმა. 

ლავროვის თქმით, ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება არ ღირს, ვინაიდან მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და მას ახლა აღმასრულებელი კომიტეტი განიხილავს.

რუსული სპორტის კოშმარი: რით ემუქრება WADA-ს მოხსენება რუსეთს?

WADA-ს რეკომენდაციები

გუშინ WADA-მ გასცა რეკომენდაცია, მოიხსნას რუსეთი საერთაშორისო შეჯიბრებებიდან ოთხი წლით: აეკრძალოს მსხვილი ტურნირების მასპინძლობა, ჩამოერთვას ნაკრებს ქვეყნის დროშით გამოსვლა, ხოლო შეჯიბრებებზე მხოლოდ „სუფთა“ სპორტსმენები დაიშვებიან. 

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას 9 დეკემბერს მიიღებს.

WADA-მ ერთხელ უკვე ჩამოართვა რუსეთის ანტიდოპინგურ სააგენტოს („რუსადა“) სტატუსი 2015 წელს, რომლის აღდგენაც მხოლოდ 2018 წლის სექტემბერში მოხერხდა იმ პირობით, რომ WADA-ს ექსპერტებს მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემები გადაეცემოდა. თუმცა ახლა რუსეთს ამ მონაცემების მანიპულაციაში ადანაშაულებენ. მსოფლიო კომიტეტის აზრით, მიმდინარე წლის იანვარში მათთვის გადაცემული მონაცემები განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე ჰქონდათ.

რუსეთმა ამ თემასთან დაკავშირებით 31 შეკითხვას უპასუხა. გასულ კვირაში შესაბამისობის კომიტეტმა განიხილა ისინი და ასევე ექსპერტების ანგარიშები და მაინც გასცა „რუსადისთვის“ სტატუსის ჩამორთმევის რეკომენდაცია.