თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის ცენტრში გამთენიისას სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების პარლამენტის შესასვლელებიდან გაყვანის დროს დაშავდა სამი ადამიანი, დაკავებულია 28 პირი.
ოპოზიციამ პარლამენტის პიკეტირება ორშაბათიდან გადაწყვიტა, რათა სამშაბათს ხელი შეუშალოს დეპუტატებს მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" პლენარული სხდომის ჩატარებაში. დეპუტატებმა ოპოზიციური პარტიებიდან ბოიკოტი გამოაცხადეს. ბევრი მათგანი საპროტესტო აქციებში 14 ნოემბრიდან მონაწილეობს, მას შემდეგ, რაც საარჩევნო რეფორმა ჩავარდა.
„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ამჟამად პარლამენტის შესასვლელები თავისუფალია. შუადღისას პლენარული სხდომა უნდა გაიხსნას.
„პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვას კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს", – აღნიშნულია განცხადებაში.
საპროტესტო აქციის დაშლისას ორი ადამიანი დაშავდა>>
რაც შეეხება დაკავებულებს, მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. მათ ელოდება ჯარიმა ან 15 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ადმინისტრაციული წესით.