მსოფლიო დღეს

მინისტრი თანამდებობიდან გადაყენებულია: დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

რიჩარდ სპენსერს თანამდებობიდან წასვლა პენტაგონის შეფმა მარკ ესპერმა მას შემდეგ სთხოვა, რაც შეიტყო, რომ მინისტრი თეთრი სახლის თანამშრომლებს ფარულად სთხოვდა, არ ჩარეულიყვნენ სპეცრაზმელ ედვარდ გალაჰერის საქმეში.
Sputnik

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მინისტრი რიჩარდ სპენსერი წყვეტს თანამდებობაზე მუშაობას და მის ადგილზე ადმირალ კენ ბრეიტუეიტის კანდიდატურას წარადგენს. 

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, რიჩარდ სპენსერს თანამდებობიდან წასვლა პენტაგონის შეფმა მარკ ესპერმა სთხოვა მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მინისტრი თეთრი სახლის თანამშრომლებს ფარულად სთხოვდა, არ ჩარეულიყვნენ სპეცრაზმელ ედვარდ გალაჰერის საქმეში და გარანტიას აძლევდა მათ, რომ გალაჰერი დატოვებდა სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცრაზმს სამხედრო ჩინის შენარჩუნებით. ამ უკანასკნელს ავღანეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში ედება ბრალი.

ამასთან, სპენსერი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯაროდ სულ სხვაგვარ პოზიციას აფიქსირებდა.

​„მადლობას ვუხდი რიჩარდს სამსახურისა და პასუხისმგებლობისთვის... სამხედრო-საზღვაო ძალების ახალ მინისტრად ნორვეგიაში ამჟამინდელ ელჩს, ადმირალ კენ ბრეიტუეიტს წარვადგენ. ეს დიდად წარმატებული ადამიანია და ვიცი, რომ კენი შესანიშნავად გაუძღვება საქმეს“, — დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-აკაუნტზე.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის პრეზიდენტის თქმით, სპეცრაზმელი ედვარდ გალაჰერი ასევე ტოვებს სამხედრო-საზღვაო ძალებს — წოდების შენარჩუნებით.