თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს წამყვან თანამდებობებზე, რომლებიც ერთი კვირის წინ ვაკანტური გახდა, ახალი კანდიდატები დაასახელა.
საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო საპარლამენტო უმრავლესობა და ასევე საკუთარი თანამდებობები დატოვეს ვიცე-სპიკერებმა თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა, ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო ქაცარავამ, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფრუიძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.
სულ „ქართული ოცნება“ დატოვა 12-მა დეპუტატმა, მათ შორის გიორგი მოსიძემ, გიორგი ბეგაძემ, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.
როგორც არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობას ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი დაიკავებს, ხოლო ვიცე-სპიკერისას — გიორგი კახიანი, რომელიც ბოლო დრომდე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. თავის მხრივ, კახიანს ძველ თანამდებობაზე გურამ მაჭარაშვილი ჩაანაცვლებს.
გარდა ამისა, ვიცე-სპიკერების თანამდებობებს ასევე დაიკავებენ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა. ამ უკანასკნელს კი ადრინდელ პოსტზე დეპუტატი ნინო წილოსანი შეცვლის.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ადგილზე რატი იონათამიშვილის კანდიდატურა განიხილება.
რაც შეეხება სხვა საპარლამენტო თანამდებობებს, ევროპული ინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, ქაცარავას ნაცვლად, რომელმაც საერთოდ უარი თქვა დეპუტატის მანდატზე, ირაკლი ბერაია ჩაუდგება სათავეში.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს გენადი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დროისათვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ცვლილებები მიმდინარე პლენარულ კვირაში განხორციელდება.