ირმა გიგანი საფრანგეთში გამართული კონკურსის ლაურეატი გახდა

რიგით მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა გიგანმა გაიარა სამი ტური, კონკურსანტებს კი კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური აფასებდა
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. 23 წლის ქართველმა პიანისტმა ირმა გიგანმა საფრანგეთის ქალაქ რუბეში საერთაშორისო კონკურსზე „ფორტეპიანოს ვარსკვლავი“ (Les Etoiles du Piano) მეორე ადგილი დაიკავა.

რიგით მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა გიგანმა სამი ტური გაიარა. პირველ ტურში, ყველა კონკურსანტს 15 წუთის განმავლობაში უსმენდნენ, მეორეში თითოეულმა მონაწილემ 30 წუთის განმავლობაში დაუკრა. მესამე ტურში შერჩეულმა კონკურსანტებმა ერთი საათის განმავლობაში დაუკრეს. მონაწილეებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური აფასებდა. ყველა ღონისძიება ქალაქ რუბეს კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ჟიურის წევრებმა ექვსივე ფინალისტი გალა-კონცერტზე დააჯილდოვეს. საზეიმო საღამოზე წარდგა პირველი სამი საპრიზო ადგილის მფლობელი, მათ შორის ირმა გიგანი.

ირმა გიგანი პრიზის სახით 3 ათას ევროს მიიღებს. პირველი ადგილის მფლობელი 7,5 ათას ევროს მიიღებს, მესამეს - ათას ევროს.

ირმა გიგანმა ყველა გულშემატკივარს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მადლობა გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ გაგიზიაროთ რომ გავხდი Les Etoiles du Piano – „ფორტეპიანოს ვარსკვლავები” პიანისტთა მეორე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი (საფრანგეთი)... დაუვიწყარი ემოციებით სავსე ვარ... საოცარი მუსიკოსებით სავსე ჟიური და ურთულესი პროგრამა - 3 ტური სოლო რეპერტუარით“, - წერტს გიგანი თავის Facebook-გვერდზე.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე „მაკბეტს" გააცოცხლებენ

ირმა გიგანმა თბილისის კონსერვატორია მანანა დოიჯაშვილის კლასით დაამთავრა. ის ცნობილ ქართულ ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუა - ცნობილი პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, ბიძა - მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი, დედა თაკო ჩარკვიანი - პიანისტი, მამა - ბიზნესმენი ჯონი გიგანია. ირმამ მუსიკალური უნარი ადრეული ასაკიდან გამოავლინა. სამი წლის ასაკში თვითონ ააწყო თავისი ბიძის, მამუკა ჩარკვიანის კომპოზიცია. მშობლებმა შენიშნეს, რომ გოგონას აქვს მუსიკალური სმენა, მაგრამ მაშინ ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქციეს.

ირმა გიგანი - უამრავი მუსიკალური საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. ექვსი წლის ასაკში იტალიაში ფესტივალზე გრან-პრის მფლობელი გახდა. მაშინ კონკურსანტების ასაკი 12-დან 16 წლამდე იყო განსაზღვრული, მაგრამ როდესაც ფესტივალზე ირმა გიგანის ჩანაწერი მოისმინეს, პატარა პიანისტი კონკურსზე დაუშვეს. ორი წლის შემდეგ მან შოპენის სახელობის კონკურსის პრემია მოიგო. 14 წლის პიანისტი წარმატებით წარდგა მოსკოვში სოლო-კონცერტით. 2017 წელს დანიაში ირმა პიანისტების კონკურს Aarhus Competition-ის ლაურეატი გახდა.