„გირჩი“: ძალოვანი უწყებები არ უნდა აღმოჩნდეს „ნაცმოძრაობის“ ხელში

„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ ოპოზიციის ლიდერები - ისინი ორშაბათს პარლამენტის პიკეტირების საპროტესტო აქციის ჩასატარებლად ერთიანი გეგმის გამომუშავებას ცდილობენ
Sputnik

თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ძალოვანი უწყებები არ უნდა აღმოჩნდეს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელში, აცხადებენ ოპოზიციურ პარტიაში „გირჩში“.

„გირჩის“ ახალი ინიაციატივა გაჟღერდა ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის წინ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში.

„ბოქლომების ომი" საქართველოს მასშტაბით გრძელდება >>

„გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან უკვე მიმდინარეობს ინდივიდუალური კონსულტაციები.

„მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აფასებს წარსულს, და გასაგებია, რომ წარსულს ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ დაიბრუნა ადამიანების ნდობა, რომ ისინი ამ ძალისმიერ ბერკეტებს აღარ გამოიყენებენ ბოროტი მიზნებისთვის. ამიტომ, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დაიდოს წინასწარ საგარანტიო მექანიზმი, რომელსაც დავიჯერებ მე, დაიჯერებს ყველა, დაიჯერებენ სხვა ოპოზიციური პარტიებიც, რომლებიც აქ არიან, რომ თოფიანი ხალხი მათ ხელში არ იქნება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ „ჩვენ შეიძლება ვიკამათოთ, როგორ უნდა მოვაწყოთ ჯანდაცვის სისტემა, ან განათლების სისტემაც, მაგრამ პრინციპული რაც არის, არის ის, რომ ადამიანებს დღესაც ეშინიათ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ უნდა აღმოჩნდეს ძალოვანი უწყებები“.

ამასთან ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება ამომრჩევლებს აშინებს სწორედ იმით, რომ ძალოვანი უწყებები „ნაცმოძრაობის“ ხელში აღმოჩნდება. ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციამ ეს ბერკეტი ხელისუფლებას არ უნდა დაუტოვის.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობე „დააბოქლომეს“

ოპოზიციის ლიდერები დღეს „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ. ისინი ორშაბათს, 25 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირების მშვიდობიანი აქციის ჩატარების გეგმებს განიხილავენ.

საქართველოში საპროტესტო ტალღა დაიწყო 14 ნოემბერს - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეებმა კარვები გაშალეს და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირება მოახდინეს. 18 ნოემბერს წყლის ჭავლისა და სპეცნაზის  დახმარებით ისინი პარლამენტის შესასვლელებიდან განარიდეს.