საქართველოს თავდაცვის ძალებს 225 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

10 კვირის განმავლობაში რეკრუტებმა ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ 225-მა რეკრუტმა ფიცი დადო და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯარისკაცებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მიულოცა.

„ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა კურსის წარმატებულ ინსტრუქტორებს სიმბოლური საჩუქრები, საუკეთესო რეკრუტებს კი სიგელები გადასცეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადება უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ცენტრში გაიარეს. 10 კვირის განმავლობაში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და სადისციპლინო და საყარაულო წესდებები შეისწავლეს.