საქართველო და უკრაინა ერთობლივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან

მხარეების შეხვედრა ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. საქართველო და უკრაინა გააღრმავებენ ურთიერთობებს ეკონომიკისა და ტრანსპორტის სფეროში, ეს საკითხი დიდ ბრიტანეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა და საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განიხილეს.

შეხვედრა ცქიტიშვილსა და გონჩარუკს შორის ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

საგარეო სავაჭრო ბრუნვა – ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრისას ხაზი გაესვა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურებას, მათ შორის ეკონომიკურ, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში.  ასევე, აღინიშნა ორმხრივი ვაჭრობის გაზრდის კუთხით არსებული შესაძლებლობები და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე მხარეებს შორის შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება სპეციალური ორმხრივი სამუშაო ჯგუფი,  რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების, ისე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ამ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა.

რაც შეეხება ვაჭრობას, საქართველოს და უკრაინას შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. იანვარ-ოქტომბერში ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 522 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც იმავე პერიოდში საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 5% შეადგინა.