როგორ დაინტერესდნენ მექსიკელები ქართული კულტურით - ფოტო

მეხიკოს მცხოვრებლებს გააცნეს ქართული ენის, დამწერლობის, ლიტერატურის თავისებურებები და ასევე საქართველოს მდიდარი ტურისტული პოტენციალი
Sputnik

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. გამოფენა „კულტურული მრავალფეროვნება - საქართველო და მექსიკა“ გაიხსნა კოიოკანის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში, რომელიც მეხიკოს კულტურულად ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ რაიონში მდებარეობს, ნათქვამია მექსიკაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

გამოფენის მიზანია - საქართველოსა და ქვეყნის მდიდარი კულტურის შესახებ მექსიკის მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.

ღონისძიება ელჩის ზურაბ ერისთვის კონფერენციით დაიწყო. დიპლომატმა სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და უამბო დამსწრეთ ქართული ენის, დამწერლობისა და ლიტერატურის შესახებ. მან მექსიკელებს ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ენების საკითხმა, მათ შორის აფხაზურისა და ოსურის. მაყურებელმა ასევე მოისმინა მცირე მიმოხილვა მექსიკაში კულტურული მრავალფეროვნების პოლიტიკისა და ავტოქტონური ენების დაცვის საგანმანათლებლო პროგრამების თაობაზე.

გამომსვლელებმა განიხილეს ევროპული ენების საერთაშორისო დღის მნიშვნელობა, რომელიც მსოფლიოში 26 სექტემბერს აღინიშნება.