კახა ბაკურაძის თეატრი მინსკში წარადგენს უნიკალურ სპექტაკლს „ასტიგმატისტები“

ეს არის ისტორია ასტიგმატიზმის მქონე ქართულ ოჯახზე და ასევე იმაზე, თუ როგორ ხედავენ ეს ადამიანები სამყაროს
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. უნიკალური თბილისური დასი – კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი, რომელიც ცნობილია თავისი თავბრუდამხვევი აკრობატული ნომრებითა და ემოციური საცეკვაო და მუსიკალური დადგმებით, მინსკში სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალ Teatralny Kufar-ის ფარგლებში სპექტაკლ „ასტიგმატისტებით“ 23 ნოემბერს წარდგება.

ფესტივალი „თეატრალური კუფარი", რომლის სლოგანია „ტრადიციები. ძიება. ექსპერიმენტი", ყოველწლიურად იმართება 2004 წლიდან. წელს ის ბელარუსის დედაქალაქში 18-25 ნოემბერს მიმდინარეობს. ფესტივალზე, საქართველოს გარდა, წარმოდგენილი იქნებიან თეატრები რუსეთიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ესტონეთიდან, საფრანგეთიდან, ნეპალიდან და სხვა ქვეყნებიდან.

„ასტიგმატისტები“ - ეს არის ისტორია ქართულ ოჯახზე ასტიგმატიზმით. ეს არის მხედველობის დეფექტი, რომელიც უკავშირდება ბროლის, რქოვანას ან თვალის ფორმის დარღვევას, რის შედეგადაც ადამიანს მკვეთრი მხედველობის უნარი ეკარგება.

„ასტიგმატისტები სამყაროს სხვანაირად ხედავენ, მაგრამ ისინიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან. უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს დაიცვას ოჯახური ტრადიციები. მამა საკუთარ იუბილეზე უსარგებლო საჩუქრებს იღებს. ახალგაზრდა გოგონა ჩუმად ხვდება შეყვარებულს. ფუსფუსი და ვნებათაღელვა, რომელიც ერთხელ იწყება, თქვენ ასტიგმატისტების ოჯახის სახალისო სამყაროში მოგახვედრებთ“, – ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.

სპექტაკლის რეჟისორია იოსებ ბაკურაძე, კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე. კომედიურ დადგმაში მონაწილეობენ ანა თალაკვაძე, ლექსო ჩემია, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე და უჩა მჟავია.

კახა ბაკურაძის თეატრი მინსკში წარადგენს უნიკალურ სპექტაკლს „ასტიგმატისტები“

კახა ბაკურაძის „მოძრაობის თეატრი" ერთ-ერთი საყვარელი თეატრალური დასია საქართველოში. მის სცენაზე შესაძლებელია შექსპირის, გოეთეს, დანტეს, ზიუსკინდის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული სპექტაკლების ხილვა.

დასის დევიზია ცნობილი ფრანგი მწერლისა და დრამატურგის, ჟან კოკტოს გამონათქვამი: „თეატრებს, სადაც მოძრაობის ენაზე ჰყვებიან ისტორიებს, არა აქვთ წარსული და მომავალი, რადგან ჩვეულებრივი თეატრებისაგან განსხვავებით, არასოდეს შემოდიან და გადიან მოდიდან“.

კახა ბაკურაძის თეატრი მინსკში წარადგენს უნიკალურ სპექტაკლს „ასტიგმატისტები“

როგორც ცნობილია, ფესტივალზე მინსკში 24 ნოემბერს მიწვეული სტუმრის რანგში წარდგება მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თბილისის კინომსახიობთა სახელმწიფო თეატრი, რომელიც რუმინელი დრამატურგის ეჟენ იონესკოს ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „მელოტი მომღერალი ქალი" აჩვენებს.