2020 წელს ბაგა-ბაღების დაფინანსება მცირდება

2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების მასწავლებლებსაც.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი – Sputnik. თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ბაგა-ბაღების დაფინანსება მცირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სკოლამდელი აღზრდის მუხლში დაფინანსების სახით განსაზღვრულია თითქმის 144,7 მილიონი ლარი. მიმდინარე 2019 წლის ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 145,2 მლნ ლარს, ხოლო 2018 წელს იყო – 121,3 მლნ ლარი.

ბაგა-ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებენ - დაკავებულია კომპანიის დირექტორი

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის მუხლის ქვეპროგრამაში გათვალისწინებულია 24,6 მლნ ლარი, იგივე მუხლის დაფინანსება მიმდინარე წლის ბიუჯეტში იყო 31,3 მლნ ლარი, ხოლო 2018 წელს – თითქმის 20 მლნ ლარი.

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების მასწავლებლებსაც.

„2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. ასევე მინდა გითხრათ, რომ 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღების მასწავლებლების ხელფასები გაიზრდება საშუალოდ 100 ლარით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პროექტის თანახმად, თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი 1 020 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც 2019 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 92,4 მილიონი ლარით მეტია.