თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პირველმა ვიცე–პრემიერმა მეჰრიბან ალიევამ მონაწილეობა მიიღო მოსკოვში გამართული რუსულ–აზერბაიჯანულ ფორუმში და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მეთაურ დმიტრი მედვედევთან გამართა შეხვედრა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“.
აზერბაიჯანის პირველმა ვიცე–პრემიერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობებს და ორ ქვეყანას აკავშირებს მეგობრობისა და კეთილმეზობლობის მჭიდრო ტრადიციები.
„აზერბაიჯანში პატივისცემით ეპყრობიან რუსულ ენას და რუსულ კულტურას. ჩვენთან, ქვეყანაში, მთლიანად შენარჩუნებულია რუსულენოვანი სწავლება. 338 სკოლაში სწავლა რუსულ ენაზე მიდის, 14 სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში რუსული განყოფილება გვაქვს, 50 სკოლაში წარმატებით რეალიზდება განათლების სამინისტროს საპილოტე პროექტი – რუსული ენის ინტენსიური სწავლება“, – განაცხადა მან.
მეჰრიბან ალიევამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ჰუმანიტარული კავშირები, განსაკუთრებით განათლების სფეროში, სამაგალითოა. ასევე მან განმარტა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდა.
„რაც მნიშვნელოვანია, მთავრობათაშორისი კომისიის ანალიზით, ეს პოტენციალი სრულად არ არის გამოყენებული, შესაძლებელია 2–3–ჯერ გაზრდა“, – აღნიშნა პირველმა ვიცე–პრემიერმა.
ასევე მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში ქვეყნებს შორის „თანამშრომლობა გაფართოვდება ყველა მიმართულებით და იქნება სასიკეთო ჩვენი ქვეყნებისა და ჩვენი ხალხებისთვის“.