პეტერბურგი ქართველი სალვადორ დალის შემოქმედებას გაეცნობა

საქართველოს მაღალმთიანი სოფლის 75 წლის მცხოვრებს 2019 წლამდე თავისი ნამუშევრები ფართო საზოგადოების წინაშე არც ერთხელ არ წარუდგენია.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. უშგულის 75 წლის მცხოვრების ფრიდონ ნიჟარაძის ნამუშევრებს, რომელსაც ქართველ სალვადორ დალის უწოდებენ, სანქტ-პეტერბურგში გაეცნობიან, იუწყება სანქტ-პეტერბურგის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო.

ექსპოზიცია 14 თებერვალს კიური უსამნოვის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში ქართული წარმოშობის ამერიკელი მხატვრის დევიდ დათუნას მხარდაჭერით გაიხსნება.

გვიანი არასდროს არის: 75 წლის მხატვარი უშგულიდან თავის ნამუშევრებს აჩვენებს

„ასაკოვანი ოსტატი მთელი ცხოვრება ხატავს, თუმცა დიდება და აღიარება მხოლოდ 75 წლისას ეწვია. ბავშვობაში ფუნჯის ნაცვლად ყველაფერს იყენებდა, რაც ხელში ხვდებოდა, იქნებოდა ეს ნახშირი თუ ქვის ნატეხი. ადგილობრივები მას ტყუილად კი არ ეძახიან სალვადორ დალის. მის ტილოებზე კაშკაშა ფერებით არის დახატული კოსმოსური სახეები. სტილისტიკა ნამდვილად წააგავს სიურრეალიზმს – სტილს, რომელშიც ესპანელი მხატვარი მუშაობდა", – წერს სააგენტო.

ფრიდონ ნიჟარაძე ცნობილი საზოგადოებისთვის არცთუ დიდი ხნის წინ გახდა. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა 2 ნოემბერს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში" გაიხსნა.

ფრიდონ ნიჟარაძე – მხატვარია, რომელიც ფერწერის კლასიკური გაგების ჩარჩოებს გასცდა. მისი თქმით, მისი შთაგონების წყაროა ბუნება, სამყარო და ადამიანი.

„შიზოფრენიკად" მონათლული ტრანსცენდენტალი მხატვარი უშგულიდან>>

არტისტი თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდა, დაბრუნდა მშობლიურ უშგულში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მოღვაწეობს.

ფერწერის გარდა ნიჟარაძე სერიოზულად მუშაობს ხეზე და წერს ლექსებს.

მხატვარი ამბობს, რომ ფერები მას თავად ეცხადება. ხატვის დაწყების წინ არ იცის, როგორი სურათი გამოვა.