ბურჯანაძე: არასდროს დავეხმარები „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში

ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ხელს შეუწყობს არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, რათა „ნაცმოძრაობამ“ იმდენი ხმა მიიღოს პარლამენტში, რამდენი ადამიანიც უჭერს მათ მხარს, ასევე ბურჯანაძემ — იმდენი, რამდენიც მას უჭერს მხარს.
Sputnik

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგებს, რა უპირატესობები აქვს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც იქცა კიდეც განხეთქილების ვაშლად „ქართულ ოცნებაში“, და სხვა მრავალზე...

საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს აგორდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვები გაშალეს და მისი პიკეტირება დაიწყეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა დემონსტრანტები ადგილიდან გაიყვანა და პიკეტი დაშალა.

მიტინგის დაშლის შემდეგ ოცზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, განაგრძონ საპროტესტო მოძრაობა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ არ შესრულდება.

ბურჯანაძე: არასდროს დავეხმარები „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში

— გამოდის, რომ გუშინდელი პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ერთი დროშის ქვეშ გაერთიანდნენ და საერთო ინტერესებს იცავენ. როგორ მოხდა ეს?

— რა თქმა უნდა, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს ყველა დეტალში არ ვეთანხმები. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ნაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ ხელს არ შევუშლით ამ ერთობას, თუ შეხედულებებში პრინციპული, კონცეპტუალური განსხვავებები არ გვექნება, თუ ყველაფერი საკონსტიტუციო ჩარჩოებში წარიმართება, იმ ჩარჩოებში, რომლებიც საშუალებას მოგვცემს, მივაღწიოთ სამართლიან არჩევნებს.

მე არ ვიცვლი პოზიციას. ვიღაცას მიაჩნია, რომ რუსეთთან საუბარი საჭირო არ არის, მე კი ვფიქრობ, რომ საჭიროცაა და აუცილებელიც. ვიღაც ფიქრობს, რომ საქართველოს ნატო სჭირდება, მე მიმაჩნია, რომ არ სჭირდება. მაგრამ ეს არ არის დღევანდელი საპროტესტო აქციების ფორმატი.

იმაში, რაც ახლა ხდება რუსთაველის გამზირზე, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ არც „კრემლის ხელი“ ურევია და არც ვაშინგტონის. ეს ყველაფერი მოქმედი ხელისუფლების აბსოლუტურად უპასუხისმგებლო ქმედებების წყალობით ხდება. ასეთი დაცინვის ჩაყლაპვა, რომელიც ახლა მათგან დავინახეთ, უბრალოდ შეუძლებელია.

ეს მათ გვაიძულეს პოლიტიკური ლიდერები, მიუხედავად პოლიტიკური თუ საგარეო პოლიტიკური სიმპათიებისა, ღიად მტრულად განწყობილებიც კი, ერთმანეთის გვერდით დავმდგარიყავით, რათა სამართლიან არჩევნებს მივაღწიოთ.

ქართველი ხალხი თავად გადაწყვეტს, ვინ სჭირდება მას: ივანიშვილის პარტია, „ნაცმოძრაობა“ თუ ბურჯანაძის პარტია. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ნახეთ, რამდენად ცინიკურია ხელისუფლება. ისინი დაგვპირდნენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რასაც თავად მოითხოვდნენ 2011 წელს, ხელისუფლებაში მოსვლამდე... 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებში „მოსკოვის ხელი" არ ურევია

— თქვენი მიმართულებით უკვე ისმის კრიტიკა იმის გამო, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან ერთად გამოჩნდით. ამაზე რას იტყვით?

— მესმის, რომ მათთვის ახლა მთავარია, დაანაწევრონ ეს ერთობა. მესმის, რომ სოციალურ ქსელებშიცა და გაზეთებშიც ცდილობენ, ყველა „ნაცმოძრაობას“ მიგვაწებონ, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ. რადგან ადამიანებს მშვენივრად ესმით, რომ ბურჯანაძე არ შეუწყობს ხელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში. მაგრამ მე ხელს შევუწყობ იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და „ნაცმოძრაობამ“ იმდენი ხმა მიიღოს პარლამენტში, რამდენი ადამიანიც უჭერს მათ მხარს, ასევე ბურჯანაძემ — იმდენი ხმა, რამდენიც მხარს უჭერს. მე არ მსურს ხელისუფლებაში „ნცმოძრაობის“ დაბრუნება, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ის მინდა, რომ ივანიშვილი იყოს აბსოლუტური მონარქი ჩემ ქვეყანაში.

— გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მიტინგებზე არ გამოითქმება ანტირუსული ლოზუნგები. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და ერთსულოვანი იყო თუ არა ის?

— აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და, მადლობა ღმერთს, არც ერთი ლოზუნგი, რომელიც რუსეთს ან ზოგადად საგარეო პოლიტიკურ კურსს შეეხებოდა, არ ყოფილა. პრაქტიკულად, არ ყოფილა არც ერთი შეურაცხმყოფელი გამოსვლა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არაფერი მაქვს დასამალი. რა თქმა უნდა, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ვდგავართ ამ მიტინგზე. დაარქვით ამას პირობა... ითქვა, რომ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის პოზიციებს. მე არასდროს გამოვდივარ ანტიამერიკული თუ ნატოს საწინააღმდეგო ლოზუნგებით, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი ფორმით.

ასე რომ, თუ ვინმეს სურს, რომ ჩვენც ვიდგეთ ამ აქციებზე, ჩვენს პოზიციასაც უნდა სცეს პატივი, რომელიც გამორიცხავს პარტნიორისადმი ან სხვა სახელმწიფოსადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას. 

ბურჯანაძე: ჩვენ ყველა მოგვატყუეს!

— 23 ნოემბერს „ვარდების რევოლუციის“ წლისთავია. საზოგადოებაში მიდის საუბრები, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ. თქვენ თუ გაქვთ ამგვარი ინფორმაცია?

— არა, ამგვარი ინფორმაცია მე არ მაქვს. უფრო მეტიც, გაერთიანებული ოპოზიციის საბჭოზე, სადაც „ყველა ერთის წინააღმდეგაა“, როცა მომავალი მიტინგის საკითხი განიხილებოდა, ყველა გაგებით მოეკიდა. და „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც თქვა, რომ არ ღირს რაიმეს დაგეგმვა 23 ნოემბერს, ვინაიდან ეს ვიღაცისთვის დღესასწაულია, ვიღაცისთვის — არა. არ მგონია, რამეს გეგმავდნენ. მათ არ აწყობთ რაიმე ისეთის გაკეთება, რაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად მიღწეულ ოპოზიციურ ერთიანობას დაარღვევს. ამიტომ მეჩვენება, რომ ასეთი ქმედება უბრალოდ არასწორი და წინდაუხედავი იქნებოდა მათი მხრიდან.

— ანუ, ამ თარიღის აღნიშვნას არავინ აპირებს?

— შესაძლოა აპირებდნენ კიდეც აღნიშვნას. ჯერ ერთი, ამ დღეს გიორგობაა და ყველა ჩვენგანისთვის დღესასწაულია, ვინაიდან ქართველებისთვის გიორგობა ძალიან მნიშვნელოვანია; მეორეც: პირდაპირ გეტყვით, „ვარდების რევოლუცია“ იყო პოზიტიური ნაბიჯი წინ.

სამწუხაროდ, ჩვენ, რევოლუციის ლიდერებმა ბოლომდე ნამდვილად ვერ გავამართლეთ ხალხის იმედები. თუმცა ეს არანაირად არ ამცრობს ამ მოვლენის მნიშვნელობას, რომელმაც ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით გაიყვანა და შესაძლებლობა მისცა, ამოსულიყო ჭაობიდან, რომელშიც შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლებში ვიმყოფებოდით.

მეორე მხრივ, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველო, ბოლოს და ბოლოს, რეალურად დემოკრატიულ ქვეყნად იქცეს და თითოეულმა ის იზეიმოს, რაც თავად სურს... ჩვენ პატივს ვცემთ თითოეულ აზრს და სწორედ ამისთვის ვიბრძვით. 

ბარიკადები, პლაკატები და სამშენებლო ნარჩენები: ოპოზიციამ პარლამენტის შენობა დაბლოკა – ფოტო

— საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევის შედეგები პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგის შესახებ. რამდენად შეესაბამება ეს შედეგები სინამდვილეს და ასახავს თუ არა ის მოსახლეობის განწყობას?

— მოქალაქეთა საერთო დამოკიდებულება სასიცოცხლო პრობლემებისადმი მეტ-ნაკლებად რეალისტურია. მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისა თუ მათი ლიდერების რეიტინგებს, მათ მე არასდროს ვენდობოდი. იმიტომ რომ, როცა მე ვიყავი ხელისუფლებაში, მშვენივრად ვიცოდი, როგორ მუშაობდა ეს გამოკითხვები. ხოლო რაც ოპოზიციაში გადავედი, კიდევ უკეთ შევიცანი ეს „მუშაობა“.

ოპოზიციაში ყოფნის მთელი ათი წლის განმავლობაში ჩემი პარტია არასდროს მოხვედრილა არც IRI-სა და არც NDI-ს რომელიმე პოზიტიურ რეიტინგში. ამის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მეც ვმონაწილეობდი. მაშინ IRI-მ მე 1%-ზე ოდნავ მეტი დამიწერა. არადა, ვიცი, რომ 11%-ზე მეტი მივიღე. ამიტომაც არ ნიშნავს ჩემთვის არაფერს ეს მაჩვენებლები.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ახლა ჩემი პოზიტიური რეიტინგი 32%-ია, ხოლო მანამდე NDI-ს მაჩვენებლებში ის 28%-ს შეადგენდა, უკვე იმაზე მიანიშნებს, რომ მათ ჩემი პარტიის არსებობა აღიარეს.

ვიცი, რომ ეს გამოკითხვები აბსოლუტურად პოლიტიკურ კონტექსტში კეთდება, იმიტომ რომ ისინი პროდასავლურია. ამის გამოა, რომ პროდასავლელ პოლიტიკოსებს მათთან ყოველთვის არაადეკვატურად მაღალი რეიტინგი აქვთ, ხოლო ეგრეთ წოდებულ პრორუს პოლიტიკოსებს — ან დაბალი, ან საერთოდ ვერ ხვდებიან ამ რეიტინგებში. თუმცა დღევანდელი გამოკითხვები მაინც არის რაღაც მესიჯის შემცველი. ისინი იძულებული არიან აღიარონ, რომ არსებობს ბევრი ადამიანი, რომლებიც მხარს გვიჭერენ და რომლებსაც მოსწონთ ჩვენი პოზიცია და პოლიტიკა, რომლებსაც სჯერათ არჩევნებში ჩვენი პოზიტიური შედეგებისა. 

პიკეტები ყოველ ორშაბათს: ოპოზიციამ გეგმები გაახმოვანა

— თქვენი პარტია ყოველთვის მხარს უჭერდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. საინტერესოა, როგორ აფასებთ ოპოზიციის მიერ ალტერნატივის სახით შეთავაზებულ არჩევნების „გერმანულ სისტემას?“

— პროპორციული სისტემა იდეალურია. და სწორედ ამ სისტემისთვის იბრძოდა 2011 წლიდან ყველა პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნების“ ჩათვლით. უბრალოდ, ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე იბრძოდა ამ სისტემისთვის, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივიწყებდა დაპირებებს. იმიტომ რომ პროპორციული სისტემა — ეს არის პარლამენტში იმ ძალების ადეკვატური წარდგენის გარანტია, რომლებსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. და ყველა მმართველ ელიტას ეშინოდა იმისა, რომ პოპულარობის დაკარგვის შემთხვევაში თავისუფალ და პროპორციულ არჩევნებში ძალაუფლებას დაკარგავდა.

„გერმანული მოდელი“ პროპორციულივით იდეალური არ არის, თუმცა ყველა დანარჩენს სჯობს. „გერმანული მოდელის“ ზოგადი ჩარჩო ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიებისთვის მისაღებია.  

მე არ მინდოდა რადიკალური ცვლილებები, არ მინდოდა დესტაბილიზაცია ქუჩებში, არ მინდოდა პიკეტირება. ჩემი პარტია იჯდა და 2020 წლის არჩევნებისთვის პროგრამას ამზადებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ყველაფერს მშვიდ ვითარებაში ჩაევლო. მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული...