ნენსკრაჰესს სვანეთში ერთობლივი კორეულ-თურქული კომპანია ააშენებს

მაღალმთიან რეგიონში მდინარეზე ჰესის მშენებლობა უკვე რამდენჯერმე დაიგეგმა, მაგრამ მისი განხორციელება ყოველ ჯერზე გადაიდო.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. კორეული კომპანია Hyundai Engineering & Construction – Hyundai E&C და თურქული ორგანიზაცია Limak ერთიანი კომპანიის შექმნის თაობაზე შეთანხმებას დადებენ, რომელიც განახორციელებს ნენსკრაჰესის მშენებლობას სვანეთში, იუწყება კორეული მასმედია.

ამჟამად შესაბამისი დოკუმენტის მომზადების სამუშაოები მიმდინარეობს. 280 მგვტ სიმძლავრის ნენსკრაჰესს მდინარე ენგურის შენაკადზე ააგებენ. ყოველწიურად ის 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პროექტი სრულად 2021 წელს დასრულდება. მისი ჯამური ღირებულებაა 1 მლრდ აშშ დოლარი.

მედია: EBRD–მა ნენსკრაჰესის მშენებლობის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღება გადადო

„ამჟამად შესაბამისი ხელშეკრულების დასრულება მიმდინარეობს. როგორც კი ეს პროცესი დამთავრდება და ხელშეკრულებას ხელი მოეწერება, სს „ნენსკრა ჰიდრო" იზრუნებს იმაზე, რომ საზოგადოებას დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს", – განუცხადეს პირველ არხს კომპანია „ნენსკრა ჰიდროს" წარმომადგენლებმა.

ძირითადი სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2020 წელს იგეგმება.

Hyundai Engineering & Construction – Hyundai E&C უმსხვილესი კორეული სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ჯერ კიდევ 1947 წელს დაარსდა. რაც შეეხება თურქულ კომპანიას, ის სტამბულის ახალი აეროპორტის მშენებლობაში მონაწილეობდა.

თავდაპირველად „ნენსკრაჰესის" მშენებლობა იტალიურ კომპანია Salini Impregilo-ს უნდა განეხორციელებინა, თუმცა კომპანია პროექტიდან გავიდა.

ახალი ჰესები საქართველოში: კატასტროფა თუ გამოსავალი>>

ჰესის მშენებლობის შესახებ პირველად 2012 წელს განაცხადეს. მაშინ ჰესი ჩინურ კომპანია Sinohydro-ს უნდა აეშენებინა. მოგვიანებით ჩინური კომპანია სამხრეთკორეულმა KWater-მა შეცვალა, რომელთანაც სს „საპარტნიორო ფონდმა“ 2014 წელს შესაბამისი შეთანხმება გააფორმა.