კალაძე იტალიაში თბილისისთვის საახალწლო განათებების დამზადების პროცესს გაეცნო - ვიდეო

დედაქალაქის მერი სამუშაო ვიზიტით იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიას ეწვია და ის საწარმო მოინახულა, რომელსაც თბილისისთვის საახალწლო ილუმინაციების დამზადება აქვს შეკვეთილი.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერი კახა კალაძე  იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების პროცესს გაეცნო, იუწყება დედაქალაქის მერია.

25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხის ღირებულება 304,8 ათასი ევროა, სხვადასხვა აქსესუარები და ახალი განათებები კი 525 ათასი ევრო დაჯდება.

კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

„ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანი გახლავთ ის, რომ საზოგადოებას ვაჩვენო, თუ როგორ მზადდება საახალწლო განათებები  თბილისისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისში ღამით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერის თქმით, საწარმოში თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციები ხელით კეთდება.

„მართლაც იქნება ულამაზესი თბილისი, როდესაც სამუშაოები მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

თბილისის მერიამ ახალი წლის სამზადისისთვის 2,8 მილიონი ლარი გამოყო – თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით, განათებითა და დეკორაციებით შეხვდება.

ადრე თბილისის მერმა კახა კალაძემ მსხვილ კომპანიებს დედაქალაქის საახალწლო ღონისძიებებში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.

თბილისის ცენტრში საახალწლო დღესასწაულის დროს ტრადიციულად გაჩნდება „საახალწლო სოფელი". გასულ წელს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა კონცერტები, კოსტიუმირებული შოუ-წარმოდგენები, საახალწლო ფილმების ჩვენებები და ბაზრობა.

ქალაქის საახალწლოდ მორთვა კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა“ უკვე დაიწყო.