საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია ეროვნულ ბანკს საბანკო რეგულაციების გადახედვას სთავაზობს

ქართული ბიზნესის წარმომადგენლების აზრით, ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორები ლარის გაცვლით კურსის არსებულ დინამიკაზე გავლენას არ ახდენს.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო პერიოდის საბანკო რეგულაციები აუცილებელია გადაიხედოს, ნათქვამია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.

ფასები იზრდება – ეროვნული ბანკი მოსახლეობას მოუწოდებს, პანიკას არ აჰყვეს

საქართველოს ხელისუფლებამ 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც.

„ბიზნესის თვალსაზრისით, საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო. შესაბამისად, იმ მომენტისათვის ბაზარზე არსებული რისკების გათვალისწინებით, საბანკო რეგულაციების ზოგიერთი მოთხოვნა იყო გადაჭარბებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

სესხის გაცემის ახალი წესების თანახმად, სხვა სიახლეებთან ერთად დადგენილია დაკრედიტების მაქსიმალური ვადები. იპოთეკური სესხი გაიცემა არაუმეტეს 15 წლის ვადით, ქონებით გამყარებული სამომხმარებლო სესხი – არაუმეტეს 10 წლის ვადით, ავტოკრედიტი – მაქსიმალური 6 წლის ვადით, სხვა სახის კრედიტები – მაქსიმალური 4 წლის ვადით.

საბანკო რეგულაციების მთავარ მიზანს წარმოადგენს ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა.

„ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ საქართველოს მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ და მომავალში ჩვენ პროფესიონალური დისკუსიები გვექნება, რომლებზეც ჩვენი სურვილია ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს ეკონომიკისა და მთლიანად ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებისკენ“, – აღნიშნულია ბიზნეს-ასოციაციის განცხადებაში.

ლარი გაუფასურებულია და უნდა გამყარდეს

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებს სავალუტო კურსის იმ დინამიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში შიდა სავალუტო ბაზარზე. ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გააგრძელებს

ექვს თვეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. თუ 1 აპრილს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ შეადგენდა 2,7029 GEL/$1, 1 ოქტომბერს მან უკვე მიაღწია 2,9770 GEL/$1.  შედეგად ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 6,9%-ს მიაღწია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლარის ორიენტირი, რომელიც დღეს არის, არანაირად არ აისახება მიმდინარე მაკროეკონომიკურ მდგრადობაზე. გარდა ამისა, დღეისათვის ქვეყანაზე საგარეო ფაქტორები არ მოქმედებს, ხოლო ეროვნული ვალუტა ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ლარის კურსი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მთავარი ბარომეტრი. ლარის დევალვაციით უაღრესად დაზარალდა როგორც ბიზნესი, ასევე მთლიანად საქართველოს მოსახლეობა. ამიტომ აუცილებელია ყველა ღონე ვიხმაროთ იმისათვის, რომ ლარის გაცვლითი კურსი გახდეს პროგნოზირებადი და განჭვრეტადი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ბიზნეს-ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მოცემულ ეტაპზე ლარი ზედმეტად გაუფასურებულია და არსებობს მისი გამყარების საფუძვლები.

მთავარი პრობლემა – ინფლაცია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის სიტყვებით, ფასების სტაბილურობა და ინფლაცია – ეს ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს.

პრემიერმა ფასების ზრდის შეჩერების განკარგულება გასცა

„ეროვნულმა ბანკმა უნდა გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, რათა ინფლაცია დაუბრუნდეს მიზნობრივ მაჩვენებელს. მან აამოქმედა ინსტრუმენტები, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიანებით. ამიტომ დღეს ჩვენი ამოცანაა – ეროვნულ ბანკს მოვუწოდოთ, ეს ინსტრუმენტები გამოყენებულ იქნას დროულად", – განაცხადა კოვზანაძემ ჟურნალისტებთან.

მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მანდატი – ინფლაციაა და ინფლაცია უნდა დაიძლიოს.

ბიზნეს-ასოციასიას, თავის მხრივ, მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განხილვის დროს გადასახედია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი და, ზოგადად, გასაანალიზებელია, რამდენად მიზანშეწონილია ეროვნული ბანკის საქმიანობის ძირითად მიმართულებად ინფლაციის მაჩვენებლის თარგეთირება.