„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ - ამუშავდება თუ არა გაზსადენი 2020 წელს

ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ტედ კრუზმა გააფრთხილა რუსული მხარე, რომ ამერიკულ სანქციებს შეუძლია ერთ წელზე მეტი ხნით შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვება.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ამუშავდება 2020 წელს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა დმიტრი კოზაკმა.

თუმცა პრემიერს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ თვეში ამოქმედდება გაზსადენი.

მანამდე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა არ გამორიცხა, რომ ახალი მილსადენით გაზის მიწოდება ახალ წლამდეც დაიწყოს. მისი თქმით ეს ტექნიკური საკითხია, რომელიც უკავშირდება არა მარტო მილის დასრულებას, არამედ დამონტაჟებული ტექნოლოგიური აღჭურვილობის მომზადებასა და ამოქმედებასაც. 

ბუნდესტაგმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მარეგულირებელი კანონპროექტი მიიღო

ცოტა ხნის წინ გაზსადენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ამერიკელმა სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ტედ კრუზმაც. მან გააფრთხილა რუსული მხარე, რომ ამერიკულ სანქციებს შეუძლია ერთ წელზე მეტი ხნით შეაჩეროს „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ექსპლუატაციაში გაშვება. მისი თქმით, გაზსადენს შეუძლია მილიარდობით დოლარი მოიტანოს „რუსული აგრესიის გამოსაკვებად“ და ზარალი მიაყენოს ევროპის ქვეყნებს.

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა დმიტრი ნოვიკოვმა პრესასთან საუბრისას გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროპის ქვეყნების ინტერესი გაზსადენის მიმართ შესაძლებელს გახდის, გადაილახოს პოლიტიკური წინააღმდეგობები აშშ-ის მხრიდან.

„საუბარია იმაზე, რომ უზრუნველყოფილი იყოს ევროპის ენერგომომარაგება. რუსეთმა ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა პირობები, რომლებიც ძალზე საინტერესოა მათთვის. და არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა (არც ფორმალური და არც პრაქტიკული), რომ მიღწეული შეთანხმებები დამუხრუჭდეს“, — განაცხადა ნოვიკოვმა. 

მისი თქმით, გაზსადენის წინააღმდეგ წასვლა ვაშინგტონის ეკონომიკურ ინტერესებში შედის, რომლებიც არ შეესაბამება ევროპის ინტერესებს. 

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით.