ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს აქციის ფონზე ხვდება

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ოფისთან ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით ოთხი ადამიანი დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ახალგაზრდა აქტივისტების ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ხვდება.

აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ. შედეგად დააკავეს ოთხი აქტივისტი – ნიკა ფარულავა, ოთო შენგელია, ტიტე გედენიძე და ბექა პაპაშვილი. მათ ბრალი ედებათ ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში, რის გამოც მათ ჯარიმის გადახდა ან 15 დღემდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

დღეისათვის დედაქალაქში ეს უკვე მეოთხე საპროტესტო აქციაა იმ ადამიანების, რომლებიც საარჩევნო სისტემის ჩავარდნას აპროტესტებენ. აქცია გაიმართა მთავრობის კანცელარიასთან, სადაც დილით მთავრობის სხდომა ჩატარდა, თბილისის სასამართლოსთან, სადაც აქციის დაშლისას დაკავებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს და ივანიშვილის რეზიდენციასთან.

თბილისში საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა ჩააგდო. მომიტინგეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ერთობლივ საპროტესტო აქციაში მონაწილეობს 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტია, მათ შორის, საპარლამენტო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის", ასევე ახალგაზრდული მოძრაობები „სირცხვილია" და „შეცვალე".