უკრაინის სასამართლო: სააკაშვილის რეადმისია პოლონეთში კანონიერი იყო

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ის უკრაინიდან პეტრო პოროშენკოს ბრძანებით უკანონოდ გააძევეს
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის თებერვალში საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის რეადმისია პოლონეთში კანონიერად ცნო, იუწყება РИА Новости სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

სააკაშვილის გატაცების საქმე – უკრაინის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო >>

სააკაშვილი იყო მოსარჩელე უკრაინის მიგრაციული სამსახურის წინააღმდეგ, რომელმაც მას ქვეყანაში შესვლა 2021 წლამდე აუკრძალა. ექს-გუბერნატორმა განაცხადა, რომ ის უკრაინიდან მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს პირადი ბრძანებით უკანონოდ გააძევეს.

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

სააკაშვილი პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. სწორედ ამ ქვეყნის ტერიტორიიდან ის 2017 წლის შემოდგომაზე უკრაინაში უკანონოდ შევიდა – პოლონეთის საზღვარზე სააკაშვილის მომხრეებმა მესაზღვრეების კორდონები გაარღვიეს. იმ დროს სააკაშვილს უკვე არ გააჩნდა უკრაინული მოქალაქეობა, რომელიც მას თავის დროზე პოროშენკომ მიანიჭა.

სააკაშვილს მოქალაქეობა მაისის ბოლოს ვლადიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა, როდესაც ის ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.