თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მასშტაბით ტყის ქვედა საფარის 7 კერიდან ორზე ხანძარი ლიკვიდირებულია, დანარჩენ ხუთზე სრული ლოკალიზაციაა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
- სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხევრალის მიმდებარედ, ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე 2 დღის განმავლობაში მუშაობდა 120 მეხანძრე-მაშველი.
- აჭარა, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 45 მეხანძრე-მაშველი.
- სვანეთი, მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია.
- რაჭა, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია.
- რაჭა, ონის მუნიციპალიტეტი, სოფელ ხიდეშლების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია.
- რაჭა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია.
- სამეგრელო, მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლოკალიზებულია.
ცეცხლის არცერთი ღია კერა არ არსებობს. ღამის განმავლობაში გაგრძელდება მონიტორინგის სამუშაოები, დილიდან განახლდება დაკვამლიანების კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, აცხადებენ უწყებაში.
დილიდან 5 კერაზე ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე მაშველი ჩაერთვება.
ადგილებზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელები, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე, სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მწყემსებს, მონადირეებს, ტყეში გირჩის შესაგროვებლად შესულ ადგილობრივ მოსახლეობას, ლაშქრობის მოყვარულებს მოუწოდებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ.