სატელევიზიო „კარწინკა“... ანუ ფიქრები წყაროზე

პოლიტიკური პროცესები ქუჩაში, პოლიტიკური რეიტინგების კალეიდოსკოპი და საზოგადოებაში არსებული რეალური განწყობები... ვინ სად არის და რატომ?
Sputnik

სამსონ ხონელი

„გამოკითხულთა 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ყველაზე დიდი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია“ – ეს სიტყვები საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მკვლევართა ჯგუფს ეკუთვნის. რას ვამბობდი მე სულ რაღაც სამიოდე დღის წინ? აბა, დავძაბოთ გონება... არ არის პრობლემა, შეგახსენებთ: „ამაშია საქმე, ეს არის მთავარი, სიტყვა არ უნდა გატეხო...“ ვწერდი და მართალიც ვიყავი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნოემბრის თვის მეორე დეკადის მიწურულს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის შედეგები გაცხადდა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა. წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500 მოქალაქე გამოიკითხა. არის თუ არა სიახლე და რა იკითხება ციფრების მიღმა? ტენდენცია უცვლელია, ციფრები ცვალებადი...

ოცნების ერთობა... პოლიტიკური ნოეს კიდობანი ანუ ორი აქციის მოლოდინში...

გამოკითხულთა 80 პროცენტმა უმთავრეს პრობლემად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბე დაასახელა. არახალია, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები მოსახლეობისთვის უკვე დიდი ხანია უმძიმეს გამოწვევად რჩება. წინა პერიოდის კვლევებისგან განსხვავებით სიახლეც არის. გამოკითხულთა 59 პროცენტმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდ წინაღობად სწორედ ეკონომიკურ კრიზისზე მიანიშნა. ქვეყანაში დღეს არსებული პოლიტიკური დაძაბულობისა და საპროტესტო აქციების პირობებში ვეჭვობ, რომ მოკლევადიან პერიოდში მძიმე სოციალური ფონის შემსუბუქების ტენდენცია გამოიკვეთოს. ამ ვარაუდის საფუძველი მარტივია და თანაც ბანალური – პოლიტიკური დესტაბილიზაცია მყისიერად აისახება ხოლმე სავალუტო ჯიხურების შუქფარებზე და ახლაც ასეა. ბუნებრივია, მიმდინარე მოვლენები ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკურ პროცესებზე. ვფიქრობ, ძნელი აღარ უნდა იყოს პასუხი კითხვაზე, თუ რატომ მცირდება უცხოური ინვესტიციები. საქართველოში ინვესტირება ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ, IRI-ს კვლევის ავტორთა შეფასებით, პოლიტიკური პარტიები ეკონომიკურ თემატიკას ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის განყოფილების უფროსი სტივენ ნიქსი პოლიტიკურ ჯგუფებს ურჩევს სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად დეტალური პროგრამები შეიმუშაონ. კი, სწორია, მაგრამ რა მერე? საამისოდ არ სცალიათ, ჯერ ხომ საარჩევნო სისტემაა მისახედი და მიცემის წესია გასაწერი? − ბრძანებს მკითხველი. რეპლიკა მიმანიშნებს, რომ დროა, ყურადღება კვლევის პოლიტიკურ ნაწილზე გავამახვილო.

კაცი უნდა ეყოს ჯამაგირს თუ ჯამაგირი − კაცს?

მკითხველს შევახსენებ, რომ საველე სამუშაოები მაშინ ჩატარდა, როცა „ოცნების“ მთავარ შემოქმედს მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. ნულოვანი ბარიერით ჩატარების თაობაზე პირობა უკვე გაცემული ჰქონდა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები დაგეგმილი ცვლილების უპირატესობასა და მიზანშეწონილობას საყოველთაო-სახალხო განხილვების ფორმატში ამტკიცებდნენ. შესაბამისად, პირობის შეუსრულებლობით გამოწვეული ბრაზი, სიხარული თუ ნეიტრალური განცდა კვლევის შედეგებში ასახული არ არის.

მაგრამ უნდა აღინიშნოს... ჯობს IRI-ს პრეს-რელიზიდან ამონარიდი შემოგთავაზოთ: „ქვეყნის მოსახლეობის 78 პროცენტი, რომელსაც სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ სმენია, ემხრობა აღნიშნულ ცვლილებას“. აქვე ნათქვამია, რომ რესპონდენტთა ამდენივე რაოდენობის აზრით, ეს რეფორმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე დადებითად იმოქმედებს. ვკითხულობდი და თვალებს არ ვუჯერებდი, თანაც ამაყი ვიყავი... ხუმრობა ხომ არ არის, მოსახლეობის აგერ თითქმის 80 პროცენტი საარჩევნო სისტემებში კარგად ერკვევა და, რაც მთავარია, ზუსტად იცის, რომ შერეულ სისტემას პროპორციული სჯობს. მერე რა, რომ რამდენიმე წელია, პოლიტიკური პარტიებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი სულ უფრო და უფრო იკლებს და პოლიტიკური პროცესებისადმი ნიჰილიზმი მზარდია. ვინ გაბედა და ეს ვინ თქვა, რომ ჩვენში პოლიტიკური კულტურის დონე დაბალია?! ისე, გული მაინც დამწყდა... რესპონდენტთათვის არავის უკითხავს, ზოგადად მაინც თუ იციან, რა განსხვავებაა პროპორციულსა და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის, ან როგორია საერთაშორისო და განსაკუთრებით კი ევროპული პარლამენტარიზმის თანამედროვე გამოცდილება, შემთხვევით მაინც თუ სმენიათ ორპალატიანი პარლამენტის შესახებ და ა.შ. არადა, ხომ ვიცი, კიდევ უფრო ამაყი ვიქნებოდი. კარგი, რაც არის, არის. შესაძლოა, კვლევის ავტორები გამიფრთხილდნენ, ივარაუდეს, რომ ჭარბი სიამაყე მავნებდა... ვნახოთ, როგორი იყო პოლიტიკური განწყობები სექტემბერ-ოქტომბერში?

გულზე მიხაკი... ანუ როცა ფასებს ვუმზერ...

კვლევის ავტორთა შეფასებით, ივნისის თვის საპროტესტო აქციების შემდეგ ხელისუფლებისადმი ნდობის მაჩვენებელმა დაიკლო. ამასთან ერთად საპარლამენტო არჩევნებამდე არასრული ერთი წლით ადრე პოლიტიკური პარტიებიდან გამოკვეთილი უპირატესობა ჯერჯერობით არავის აქვს. მგონი, დროა, ციფრები მოვიშველიოთ. 23 პროცენტით ლიდერობს მმართველი პარტია. მომდევნო პოზიცია 15 პროცენტით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უკავია. პირველ ხუთეულში თითქმის თანაბარი მაჩვენებლებით – 5-5 პროცენტით არიან „ევროპული საქართველო“ და „ლეიბორისტული პარტია“, 4 პროცენტით იქვეა „პატრიოტთა ალიანსი“... ოპოზიციურ პარტიათა ელექტორალური მხარდაჭერა ჯამურად 41 პროცენტია. საკრალური რიცხვია, −  ვიცი, რომ უსათუოდ მიმანიშნებს მკითხველი, თუმცა ახლა ეს როდია მთავარი... გამოკითხულთა მესამედი ჩამოყალიბებული ჯერ კიდევ არ არის. არადა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტიც სწორედ მათი პოზიცია იქნება.

თვალი გადავავლოთ პოლიტიკური ფიგურების პერსონალურ რეიტინგებსაც. აქ პირველ ხუთეულს 57 პროცენტით დავით ბაქრაძე ლიდერობს. შემდეგი თბილისის მერი კახა კალაძეა 49 პროცენტით, ხოლო დავით უსუფაშვილი 47 პროცენტით − მესამე. შემდეგი კი გრიგოლ ვაშაძეა 41 პროცენტით, მეხუთე-მეშვიდე ადგილებს ალეკო ელისაშვილი, გიორგი გახარია და შალვა ნათელაშვილი თანაბრად ინაწილებენ. მათი მაჩვენებელი 39 პროცენტია. გავმეორდები: ეს რიცხვები საშემოდგომო განწყობებს ასახავს. შესაძლოა, რეალობას არც ასახავს და მხოლოდ კვლევის ავტორთა სურვილებს წარმოაჩენს. არაფერს დავიჟინებ... ვისთვის როგორ?

სჯობს თუ არა გვიან, ვიდრე არასდროს?... ანუ ეროვნული ბანკის ვერდიქტი...

საინტერესოა, დღეს როგორია პოლიტიკურ პარტიათა და ცალკეულ პოლიტიკოსთა პერსონალური რეიტინგები. ვინ სარგებლობს ნდობის ყველაზე ან შედარებით მაღალი ხარისხით? სავარაუდოდ, სახელისუფლებო გუნდს, რომელიც არსებული კრიზისის მთავარი შემოქმედია, არ უნდა ჰქონდეს დიდი მოლოდინები. მეტიც, ოპოზიციურ პარტიათა ლიდერები და ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ გაცემული პირობის არშესრულების მიზეზი სწორედ საზოგადოებაში არსებული ელექტორალური განწყობებია. მმართველმა პარტიამ იცის, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით წააგებს და მთავრობის ჩამოსაყალიბებლად მაჟორიტარების იმედი აქვს. ახლა, მოდი, ვივარაუდოთ, როგორი შეიძლება იყოს ოპოზიციის ჯამური რეიტინგი. ლოგიკურია, თუ სახელისუფლებო დაიკლებდა, მმართველთა ოპონენტების კი მოიმატებდა. თქვენ ბრძანებთ, რომ რკინის ლოგიკაა. მე ამ რეპლიკასაც გავიზიარებ... თუმცა, მხოლოდ ეს როდია საგულისხმო.

დახურულ კარს მიღმა... ანუ რას ითხოვს ბიზნესი ხელისუფლებისგან?..

ძალზე მნიშვნელოვანია, დღეს როგორია ძალთა ბალანსი თავად ოპოზიციურ ველზე. სხვისი არ ვიცი და მე კი განსაკუთრებით ეს საკითხი მაინტერესებს. კონკრეტული ციფრები არ გვაქვს, სხვა მეთოდი უნდა გამოვიყენოთ. ასეთი მეთოდი კი ე.წ. სატელევიზიო „კარწინკა“ შეიძლება იყოს. ჩვენ ვნახეთ, რომ 22 პოლიტიკური პარტიის საპროტესტო აქციაზე დაახლოებით ექვსი ათასი მოქალაქე შეიკრიბა. ორგანიზატორთა შორის „პარადი“ ძირითადად მიჰყავდათ იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომელთაც IRI-ს საშემოდგომო კვლევაში პირველ ხუთეულში მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციები უკავიათ. იმავე დღეს, ორსაათიანი ინტერვალის შემდეგ, თითქმის ამდენივე პროტესტანტმა „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მოიყარა თავი. ასეთია ე.წ. „კარწინკის“ აღწერის მარტივი დასკვნა. ისე, ბოლო დროს „წყაროზეც“, ანუ ხალხში ხშირად საუბრობენ, რომ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ძალთა ბალანსი შეცვლილია, თანაც არა ნახელისუფლართა სასარგებლოდ. ხალხი თავისი განწყობებით სხვაგან არის... არ მინდა ჩვენი მსჯელობა ფინჯან ყავაზე მსჯელობას დაემსგავსოს, ამიტომ აქ დავსვამ წერტილს. თუმცა მანამდე მივანიშნებ, შესაძლოა, ნეოლიბერალების სასოწარკვეთილი გააქტიურების მიზეზი სწორედ ის იყოს, რასაც ბოლო დროს ხშირად „წყაროზე“ ამბობენ. არც იმას გამოვრიცხავ, საშემოდგომო რეიტინგების გამოქვეყნებისკენ IRI-ს კვლევის ავტორებსაც სწორედ „წყაროზე“ მოსმენილმა უბიძგა...