გია ყანჩელის „სევდის ანგელოზები“ – თბილისში სიჩუმის მაესტროს ცხოვრებაზე ფილმს აჩვენებენ

ფილმის სახელწოდება „სევდის ანგელოზები“, რომელშიც კომპოზიტორის ახლო მეგობრები და ერთგული კოლეგები არიან გადაღებული, ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან არის აღებული.
Sputnik

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. თბილისის კინოთეატრ „ამირანში“ შაბათს, 23 ნოემბერს გაიმართება დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზები“ ჩვენება, რომელიც გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.

ბელგიაში გია ყანჩელის ძეგლი შეიძლება დაიდგას

სახელწოდება „სევდის ანგელოზები“ ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან არის აღებული.

რეჟისორ თეონა ჯორბენაძის ფილმში, რომლის გადაღებები ერთი წელი გაგრძელდა, შევიდა ფრაგმენტები კომპოზიტორის საიუბილეო საკონცერტო ტურნედან, რომელიც 2015 წელს გაიმართა. ფილმი გადაღებულია ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში.

„როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომელიც არასდროს მოგისმენიათ. მაყურებელი ასევე აღმოაჩენს, რომ გია ყანჩელი საკუთარი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავდა, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგვაცნობს“, – აცხადებს ფილმის ავტორი.

ფილმში მონაწილეობენ ისეთი ცნობილი ხელოვანები, როგორიც არიან რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტის ბილეთები ერთ დღეში გაიყიდა >>

ფილმის ჩვენებამდე გაიმართება კონცერტი, რომელზეც ყანჩელის ნაწარმოებს შეასრულებს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ალტისტ გიორგი ცაგარლის მონაწილეობით. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ვირტუოზი პიანისტი სანდრო ნებიერიძე, ვოკალისტი ნუცა თოფურია, ვიოლონჩელისტი ანა ჭანია და სხვ.

უკანასკნელი საჩუქარი: რობერტ სტურუა გია ყანჩელის ხსოვნას სპექტაკლს მიუძღვნის

„სიჩუმის მაესტრო“ გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

გია ყანჩელი მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო", „შერეკილები", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა", „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" და სხვ. სტურუასთან ერთად მუშაობდა სპექტაკლებზე „ხანუმა", „კავკასიური ცარცის წრე", „ჰამლეტი" და სხვ.

გია ყანჩელი მრავალი პრემიის ლაურეატია, მინიჭებული აქვს საქართველო სახელმწიფო პრემია, რუსთაველის პრემია და „ღირსების ორდენი", პრემია „ნიკე" ფილმისთვის („ქინ-ძა-ძა") დაწერილი საუკეთესო მუსიკისთვის (1987), „ვოლფის" პრემია და სხვ. იყო საქართველოს სახალხო არტისტი, მინიჭებული აქვს თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (2007). ყანჩელი იყო რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემია „ნიკას" აკადემიკოსი.