პრემიერმა თბილისში აქციის დაშლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ოპოზიციას შეახსენა, რომ საპროტესტო აქციის დროს აკრძალულია პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება.
Sputnik

თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები გააფრთხილა, რომ პარლამენტის შემდგომი ბლოკირების შემთხვევაში შსს იმავე ზომებს მიმართავს, რაც გუშინ გამოიყენა.

კალაძე: პოლიციამ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი

თბილისის ცენტრში საპროტესტო აქციები 14 ნოემბრიდან არ წყდება, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდო, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებდა. 17 ნოემბრიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს. მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ხელი არ შეეშალათ დეპუტატების საქმიანობისთვის, აქციის მონაწილეებმა დაშლაზე უარი განაცხადეს. შედეგად, 18 ნოემბერს ხელისუფლებამ აქცია სპეცდანიშნულების რაზმის საშუალებით დაშალა.

„რამდენიმე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა მოუწოდა მოქალაქეებს ქუჩების ბლოკირებისკენ და ბარიკადები იყო აღმართული ქუჩებზე. შემდგომ იყო ბლოკირებული პარლამენტის შენობა. ამის შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა", – განაცხადა გახარიამ.

მისი სიტყვებით, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება შსს-ს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის ძალების გამოყენების შესახებ.

„ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რომლის უფლებაც ჰქონდა – სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების, უკანონო ქმედებების შეწყვეტის შესახებ. რაც გაკეთდა, აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იყო. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, შემდგომშიც, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიერ მსგავსი ქმედებების შემდგომ სახელმწიფო და პოლიცია იმოქმედებს სრულად კანონის ფარგლებში და გააკეთებს იმავეს", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტთან სიმშვიდეა – აქციის მონაწილეებმა ღამე კარვებში გაატარეს

მან აღნიშნა, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება კანონით გარანტირებულია, მაგრამ ჩარჩოდან გასვლა აკრძალულია.

„თქვენ მშვენივრად გახსოვთ, რომ ორი დღის განმავლობაში გამოხატვის თავისუფლება ყოველგვარი პრობლემის გარეშე იყო უზრუნველყოფილი. მაგრამ შემდეგ მოხდა, აი, რა: გადაკეტილი ქუჩები პრობლემებს უქმნის ბევრ ჩვენს მოქალაქეს. და სწორედ ეს ცეცხლი და ბარიკადები აბსოლუტურად მიუღებელია", – განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან ოპოზიციას შეახსენა: „პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ყუთთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში".

აქციის მონაწილეები მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ აღარ გეგმავს საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილებების განხილვას. პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების გამართვა კონსტიტუციით 2024 წელშია გათვალისწინებული. დაგეგმილი 2020 წლის არჩევნები კი ძველი სისტემით გაიმართება: 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიებით აირჩევენ, ანუ პროპორციული სისტემით.