თბილისი, 19 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის წინ ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანი იმყოფება, რომლებმაც მთელი ღამე კარვებში გაატარეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი.
ამ დროისთვის მოვლენების ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოა, სადაც გუშინ აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესები უნდა გაიმართოს. მათ ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად.
შეტაკებები სპეცრაზმელთა და აქციის მონაწილეთა შორის საპროტესტო აქციის დაშლისას მოხდა – აქციის მონაწილეებმა კვირას პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება განახორციელეს. მიუხედავად გაფრთხილებისა იმის შესახებ, რომ ეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, მომიტინგეებმა ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს.
პარლამენტთან აქცია 10:00 საათზე განახლდება.
„მიზანია არ დავნებდეთ, პიკეტირება – პროტესტის არაძალადობრივი ფორმა – გაგრძელდება", – განაცხადა გუშინ, გვიან ღამით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა და ახალგაზრდული მოძრაობა „სირცხვილიას" ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.
პარლამენტის წინ აქციის დაშლის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები არ დასრულებულა, 20-ზე მეტი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა კი სამომავლო მოქმედებების შესათანხმებლად კონსულტაციები გამართეს. გადაწყდა – საპროტესტო მოძრაობა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
იმ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები, რომელიც 14 ნოემბერს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის გამო დაიწყო, მთელი ამ დროის განმავლობაში მოითხოვენ მთავრობის გადადგომას და პროპორციული სისტემით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. მოგვიანებით ოპოზიციამ დააზუსტა, რომ თანახმაა ე.წ. „გერმანულ მოდელზე", რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციაში ცვლილებებს, თუმცა ხელისუფლება საწინააღმდეგოს აცხადებს.
არჩევების ჩატარების „გერმანული მოდელი“ ნიშავს მაჟორიტარულ-პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რომლის შედეგები დაითვლება მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნების შედეგების მიხედვით. კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის 73 დეპუტატს მაჟორიტარულ ოლქებში, 77-ს კი პარტიული სიით ირჩევენ.