სვანეთის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტყეებში გაჩენილ ხანძარს 45 მეხანძრე-მაშველი აქრობს.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მესტიაში, ეცერისა და ცხუმერის ტყეებში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე-მაშველები ჯერ კიდევ აქრობენ, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს უკიდია და მისი ჩაქრობის პროცესში 45 მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

წყალტუბოში ჩაის პლანტაციები იწვის

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ცნობით, ხანძარი სვანეთის ტყეებში გუშინ, სავარაუდოდ, გვიან ღამით გაჩნდა.

ცხუმარის გამგებლის თამაზ სუბელიანის თქმით, მის სოფელში დაახლოებით სამ ჰექტარზე დამწვარი და დაზიანებულია ხეები. რაც შეეხება ეცერს, ხანძრის შედეგად ამ დროისთვის თითქმის ერთი ჰექტარია დამწვარი.

ტყეებში გაჩენილი ხანძრების ჩაქრობას მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც ცდილობს.

ტელეკომპანიის ცნობით, ცეცხლის დასახლებულ ადგილებში გავრცელების საშიშროება არ არსებობს.