ნიკოლაი სილაევი
ოპოზიციურ პარტიებს უკვე რამდენიმე დღეა ბლოკირებული აქვთ საქართველოს პარლამენტი. ხელისუფლება მიანიშნებს, რომ თუ მომიტინგეები არ დამშვიდდებიან, მათ პოლიცია დაშლის. ეს ყველაფერი ძალიან ჩამოჰგავს მსხვილ პოლიტიკურ კრიზისს, მაგრამ მიმდინარე მოვლენების გადაჭარბებით შეფასება არ ღირს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მართვის სადავეებს ამ პროტესტის გამო არ დაკარგავს. ხოლო დღევანდელი ვითარების შედარება 2012 წლის მოვლენებთან, როდესაც ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალაუფლება დაკარგა, არასწორი იქნებოდა.
პოსტსაბჭოურ პერიოდში საქართველოში პოლიტიკური გარდაქმნების ერთგვარი შაბლონი დამკვიდრდა. ლიდერი ხელისუფლებაში დიდი სახალხო მხარდაჭერის ტალღაზე მოდის. შემდეგ უშვებს შეცდომებს, იწყებს თვითნებობას, აწესებს პირადი ძალაუფლების მეტ-ნაკლებად მკაცრ რეჟიმს და კარგავს მხარდაჭერას. შემდეგ აღშფოთებული მოქალაქეები ართმევენ მას ძალაუფლებას შეიარაღებული ამბოხის (გამსახურდია, 1992 წ.), მასობრივი პროტესტის (შევარდნაძე, 2003), ან კიდევ არჩევნების გზით (სააკაშვილი, 2012).
აქვე შეიძლებოდა იმის თქმაც, რომ თავისუფლების მოყვარული ქართველები, განსაკუთრებით კი თბილისელები, ვერ ეგუებიან დიქტატურას და ამხობენ ნებისმიერ დიქტატორს, როდესაც ეს უკანასკნელი თავხედდება. მაგრამ ასეც ვერ ვიტყვით.
ბიძინა ივანიშვილმა, „ქართული ოცნების“ ლიდერმა და საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, მართლაც ყველა მოატყუა. ზაფხულში, სხვა პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც ოპოზიციამ პროტესტი გამოხატა ქვეყნის პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო დუმის წარმომადგენლის გამოჩენის გამო, იგი ხალხს დაჰპირდა, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა.
გასულ კვირაში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატებმა ჩააგდეს და არავის სჯერა, რომ ეს ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე მოხდა.
„ოცნება“ თანდათანობით კარგავს პოპულარობას, განსაკუთრებით, დედაქალაქში. სამაგიეროდ მაჟორიტარულ ოლქებში, როგორც ნებისმიერ პოსტსაბჭოურ მმართველ პარტიას, კარგი ფორა აქვს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შერეული სისტემის შენარჩუნება „ოცნებისთვის“ ნიშნავს ხელისუფლების შენარჩუნების გარანტიას თუ არა, პარლამენტში სოლიდური უმრავლესობით მოხვედრისა და მომავალი კოალიციისთვის პარტნიორის შერჩევის შესაძლებლობის გარანტიას მაინც. ოპოზიცია კი, განსაკუთრებით პატარა პარტიები, რომლებიც დღეს პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, შერეული სისტემის შემთხვევაში არჩევნებზე მეტი სადეპუტატო ადგილის მოპოვების შესაძლებლობას კარგავენ.
ასე რომ, შეუძლებელი იყო, პროექტის ჩავარდნას პროტესტი არ მოჰყოლოდა. თუმცა მასობრიობა — სწორედ ის ერთიანი სახალხო ტალღა — არ შეიმჩნევა. გაერთიანებული ოპოზიციისა და პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ (ეს უკანასკნელი აქციას ცალკე მართავდა) კვირის მიტინგებმა, პოლიციის მონაცემებით, შვიდი ათასამდე ადამიანს მოუყარა თავი. არც ისე ბევრია უკმაყოფილო თბილისისთვის, თანაც უქმეებზე. თუმცა, არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. მაგრამ ერთიანი სტრატეგია არ არსებობს. ამასთან, მათ შორის, ვინც პარლამენტის ბლოკადას ცდილობს, წამყვანების როლში გამოდიან გიგი უგულავას მსგავსი ადამიანები. ამ პუბლიკაზე კი ბევრს ოპოზიციურ დედაქალაქშიც კი ალერგია აქვს.
საქმე ისაა, რომ 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც სააკაშვილმა ხელისუფლება დაკარგა, ის მართლაც თითქმის ყველას მობეზრდა. მაშინ საქართველოში ბევრს მოუწია სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოებში სირბილი და ციხეებში ჯდომა. საზოგადოებას ჯერ კიდევ კარგად ახსოვს საკუთრების გადანაწილების პროცესიც, რომელიც წინა პრეზიდენტმა ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ წამოიწყო. ივანიშვილის ყველა ნაკლის მიუხედავად, იგი მსგავს საქმეებში არ არის შემჩნეული. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცოტ-ცოტას კი იპარავენ, მაგრამ ხალხსაც აძლევენ არსებობის საშუალებას.
ქვეყანაში ეკონომიკური ზრდაა. მის ხარისხზე კამათი შეიძლება, მაგრამ საიდან მოიტან — თითქმის ნებისმიერი მთავრობის დროს ამ ქვეყანაში — ხარისხს? სამი პოსტსაბჭოური ქვეყნიდან, რომლებმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერეს ხელი (საქართველო, მოლდავეთი, უკრაინა), საქართველო მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია სახელმწიფო მართვის ხარისხისა და კორუფციის დონის მიხედვით. პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ტყუილი არასასიამოვნო რამაა. მაგრამ ეს თემა პოლიტიკურ ჯგუფს უფრო აინტერესებს, ვიდრე ფართო საზოგადოებას. ივანიშვილს ეს კარგად ესმის და ბოლო დროს შეგნებულად მოქმედებს ჯგუფის აზრის საპირისპიროდ.
მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა გიორგი გახარია, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, რომლის გადაყენებასაც ითხოვდნენ საპროტესტო აქციების მონაწილეები ზაფხულში. ახლა კი დაარღვია დანაპირები, რითიც შეამცირა მოახლოებულ არჩევნებზე ოპოზიციის პარლამენტში გასვლის შანსი. რასაკვირველია, თუ მას უკან დახევა მოუწევს და მაჟორიტარ დეპუტატებს დაიყოლიებს – საჭირო ცვლილებებს დაუჭირონ მხარი – „ოცნებას“ არჩევნებზე უფრო გაუჭირდება. მაგრამ თუ ოპოზიციის პროტესტი წარუმატებელი აღმოჩნდება, მმართველი პარტია არჩევნებზეც საუკეთესო ფორმით წარდგება.
ერთი შეხედვით, განვითარებული მოვლენები წააგავს დიქტატურას თუ არა, ძალაუფლების გახანგრძლივების მცდელობას მაინც, რაშიც დასავლეთი უნდა ჩაერიოს. მაგრამ აქვს კი დასავლეთს ჩარევის სერიოზული საფუძველი? საგარეო პოლიტიკის კუთხით, პრაქტიკულად, სულ ერთია, საქართველოს სათავეში „ოცნება“ იქნება თუ რიტორიკით სხვა უფრო პროდასავლური ოპონენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ან „ევროპული საქართველოდან“. ერთიცა და მეორეც ერთსა და იმავეს გააკეთებს.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლას კი, დასავლეთის აზრით, შეიძლება არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.
ქართული პოლიტიკური „მეინსტრიმი“ — ნატო, ევროკავშირი, რუსეთთან მტრობა — სინამდვილეში საკმაოდ მყიფეა. პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მეტი შანსი ექნება ნინო ბურჯანაძესაც, რომელიც რუსეთის მიმართ უფრო გონივრული პოლიტიკის გატარების მოწოდებით გამოდის, და „პატრიოტთა ალიანსსაც“ — კონსერვატორებსა და ევროსკეპტიკოსებს, რომელთაც უკვე აქვთ თავიანთი ფრაქცია პარლამენტში და სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან მოლაპარაკებების გასამართად რუსეთს სტუმრობენ ხოლმე. თუ მოვლენებს ქართველი ამომრჩევლის თვალით შევხედავთ, მოსკოვთან ურთიერთობის მოგვარება — თითქმის საყოველთაო განაცხადია, რუსეთთან დაახლოებას კი, ამერიკული გამოკითხვის თანახმადაც კი, მოსახლეობის თითქმის მესამედი უჭერს მხარს. როგორ აისახება ეს არჩევნებზე, ახლა არავინ იცის.
ასე რომ, მმართველი პარტიის პლატფორმა დღეს უფრო მყარია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. შესაძლოა, ივანიშვილი დათანხმდეს კიდეც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მაგრამ ამას ძალისა და არა სისუსტის პოზიციიდან გააკეთებს.