ქართულმა საბალეტო დასმა ჩინეთში "გედების ტბა" წარმოადგინა

საგასტროლო ტურის ფარგლებში ქართული საბალეტო დასი შანხაის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ ჩინეთის რამდენიმე დიდ ქალაქში გამოვა.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ჩინეთში იმყოფება – ქართველმა არტისტებმა შანხაის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე უკვე წარმოადგინეს ბალეტი „გედების ტბა".

საგასტროლო ტურის ფარგლებში ქართული დასი ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში გამოვა. ესენია შანხაი, შანდუნი, ანშანი, სიამინი და ფოშანი. გასტროლები 2 დეკემბერს დასრულდება.

შანხაის საერთაშორისო ფესტივალზე გამოსვლების დაწყებამდე ანანიაშვილმა და დასის წამყვანმა სოლისტებმა - ნინო სამადაშვილმა, ნუცა ჩეკურაშვილმა და ეკატერინე სურმავამ მონაწილეობა მიიღეს დიდ პრესკონფერენციაში და ჩინურ მასმედიასთან თავიანთი დადგმისა და დასის საგასტროლო ტურის შესახებ ისაუბრეს.

შანხაის ხელოვნების XXI საერთაშორისო ფესტივალი 18 ოქტომბერს გაიხსნა აკრობატული სპექტაკლით „ბრძოლა შანხაისთვის", რაც ფესტივალის ისტორიაში პირველი შემთხვევა იყო.

ფესტივალის პროგრამაშია 26 უცხოური პრემიერა. ფესტივალში პირველად მიიღებს მონაწილეობას მილანის თეატრი „ლა სკალა", რომელიც შანხაიში მოცარტის ოპერებს „ცრუ მებაღე გოგონასა" და „ჯადოსნურ ფლეიტას" ჩაიტანს.

ფესტივალის ფარგლებში ასევე ტარდება კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა Art Plus, რომელიც ახალგაზრდობის ესთეტიკური აღზრდისკენ არის მიმართული.