შსს: პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება აკრძალულია

თბილისში საპროტესტო აქციები ხუთშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა.
Sputnik

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის მცდელობის ან ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ომბუდსმენი: საქართველოს პარლამენტის პიკეტირება კანონდარღვევაა>>

პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე და შენობის ყველა შესასვლელთან კარვებია გაშლილი. საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელები ამ დრომდე ბლოკირებულია. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის სამივე შესასვლელი გუშინ ჩახერგეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

საპატრულო პოლიცია: დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობა შეიზღუდა

შსს-ს ცნობით, 17 ნოემბერს, აქციის მიმდინარეობისას, ასევე მთელი ღამის განმავლობაში პოლიციამ უზრუნველყო მოქალაქეებისთვის შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვისთვის საჭირო პირობები. ამასთან, რუსთველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაწყებულმა მშვიდობიანმა აქციამ მოგვიანებით კანონსაწინააღმდეგო ხასიათი შეიძინა.

„კერძოდ, შეკრებილთა ნაწილმა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. ამასთან, პოლიტიკური ლიდერები მხარდამჭერებს ღიად მოუწოდებენ საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელი შეშლისკენ", – აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებენ

„პოლიცია მოწოდებულია დაიცვას როგორც მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება, ასევე უზრუნველყოს საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შეუფერხებელი საქმიანობა", – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე შეკრებილ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და აქციის ორგანიზატორებს მოუწოდებს, შეწყვიტონ პარლამენტის შენობის შესასვლელების ბლოკირება, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია და არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს.

თბილისში საპროტესტო აქციები ხუთშაბათს დაიწყო, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები ჩააგდო, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს: ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნები, არჩევნებამდე მოქმედი მთავრობის გადადგომა და ივნისის აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლება.