Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
წმიდა მოწამენი: გალაქტიონი და ეპისტიმია
მდიდარი და დიდებული, მაგრამ უშვილო კლიტოფონი და ლევკიპია ფინიკიის ქალაქ ემესაში ცხოვრობდნენ. ისინი უხვად სწირავდნენ ოქროებს წარმართ ქურუმებს, მაგრამ მემკვიდრე მაინც არ ეძლეოდათ.
III საუკუნეში ქალაქ ემესას განაგებდა რომაელი კეისრებისგან დადგენილი სირიელი სეკუნდუსი. იგი ქრისტიანთა დაუნდობელი მდევნელი იყო.
ამ დროს ემესაში ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი ონოფრე, რომელიც გლახაკის ძონძებით ფარავდა თავის სამღვდელო ღირსებებს, სახლიდან სახლში გადადიოდა და მოწყალებას ითხოვდა. ყველგან, სადაც ადამიანების წარმართთა ცთომილებისგან დახსნის შესაძლებლობას ხედავდა, ნეტარი ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა. ერთხელ მოხუცი ლევკიპიას მდიდრულ სახლშიც მივიდა. როცა ქალისგან მოწყალებას იღებდა, ონოფრემ იგრძნო, რომ იგი დამწუხრებული იყო და სევდის მიზეზი ჰკითხა. ლევკიპიასაც არ დაუმალავს თავისი უბედურება. ბერმა ანუგეშა უშვილო დედაკაცი, მოუთხრო ერთი ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და დაარწმუნა ის ქრისტეს ყოვლისშემძლეობასა და გულმოწყალებაში. ლევკიპია იმედით აღივსო, ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ღვთისმოსავ ქალს ძილში ეუწყა, რომ შობდა ძეს, რომელიც მაცხოვრის ჭეშმარიტი მიმდევარი შეიქნებოდა. თავდაპირველად ლევკიპია მეუღლეს არ უცხადებდა თავის სიხარულს, მაგრამ როცა ყრმა იშვა, გაუმხილა საიდუმლო და ნათლობაზეც დაიყოლია.
ახალშობილს გალაქტიონი დაარქვეს. მშობლებმა იგი ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდეს და შესანიშნავი განათლება მისცეს.
როცა გალაქტიონს ოცდაოთხი წელი შეუსრულდა, მამამ მისი დაქორწინება გადაწყვიტა და სასძლოც მოუძებნა - მშვენიერი და დიდებული ქალწული, სახელად ეპისტიმია. ყმაწვილი მამის ნების წინააღმდეგი არ იყო, მაგრამ, ღვთის განგებულებით, ჯვრისწერა დროებით გადაიდო. გალაქტიონმა, რომელიც ხშირად დადიოდა თავის საცოლესთან, თანდათან ისიც მოაქცია ქრისტიანობაზე და ფარულად მონათლა. ეპისტიმიასთან ერთად ნათელიღო მისმა ერთ-ერთმა მონამ - ევტოლმიუსმაც. ახალმოქცეულებმა გალაქტიონის მიბაძვით გადაწყვიტეს, მონაზვნურ ღვაწლს შესდგომოდნენ. მათ დატოვეს ქალაქი და მიაშურეს პუბლიონის მთას, სადაც ფარულად არსებობდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი.
წარმართებმა შეიტყვეს მონასტრების შესახებ და მის მკვიდრთა შესაპყრობად მეომართა რაზმი გაგზავნეს, მაგრამ ბერებმა და მონაზვნებმა მოასწრეს მთებში გახიზნვა. მხოლოდ გალაქტიონმა და ეპისტიმიამ არ ისურვეს მონასტრის დატოვება. მათ ლოცვა-ვედრებითა და ქრისტეს დიდებით დაითმინეს უმძიმესი სატანჯველები. ბოლოს უღმერთოებმა ისინი ცოცხლად გაატყავეს და ისე ამოხადეს სული.
წმიდა მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე - სამოცდაათთაგანნი
წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პატრობა, ერმე, ლინოსი, გაიოზი და ფილოლოგე (I) სხვადასხვა ქალაქებში ქადაგებდნენ სახარებას. წმიდა პატრობა ნეაპოლისა და პუტეოლის (იტალია) ეპისკოპოსი იყო, წმიდა ერმე (ერმი)ფილიპოპოლისისა. ლინოსმა პეტრე მოციქულის შემდეგ დაიკავა რომის საეპისკოპოსო კათედრა, წმიდა გაიოზი კი ეფესოს ეპისკოპოსი იყო მოციქულ ტიმოთეს შემდგომ; წმიდა ფილოლოგე ანდრია პირველწოდებულმა სინოპის (შავიზღვისპირეთი) ეპისკოპოსად აკურთხა. უფლის რჩეულები მრავალ მწუხარებას ითმენდნენ, წარმართთა მრავალ გამოხდომას უმკლავდებოდნენ თავიანთი მღვდელმთავრული ღვაწლის დროს, ბოლოს კი ყველა მათგანმა (გარდა ერმესი) მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ერმე მოციქული მოწამეობრივად აღესრულა ქალაქ ფილიპოპოლისში
წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსი
წმიდა გრიგოლი - ალექსანდრიის ეპისკოპოსი, ყოველგვარი სათნოებებით შემკული მღვდელმთავარი, იმპერატორ ლეონ სომეხის (813-320) დროს ეწამა წმიდა ხატთა თაყვანისცემის დაცვისათვის. ყოველგვარი წამების დამთმენი და ხატმბრძოლთა ერესის უშიშრად მამხილებელი წმიდანი გადასახლებაში აღესრულა.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით .