რამდენი მიკროსაფინანსო დახურა ეროვნული ბანკის რეგულაციამ 10 თვეში

საქართველოში ამ დროისთვის 48 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებს, რაც 2018 წლის ბოლოს დაფიქსირებულ მაჩვენებელზე 19 -ით ნაკლებია.
Sputnik

ნატა პატარაია

ეკონომისტების აზრით, მისო-ების რაოდენობის კლების  მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული რეგულაციებია, რომლებიც მისო-ებს შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს.    

საქართველოს ხელისუფლებამ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან კრედიტების გაცემის წესების გასამკაცრებლად გარკვეული ზომები მიიღო. კერძოდ, ბანკებსა და სხვა საფინანსო ორგანიზაციებს სესხების გაცემა მხოლოდ კრედიტის აღების მსურველის ფინანსური მდგომარეობის დეტალურად გაანალიზების შემდეგ შეუძლიათ. გარდა ამისა, დაწესებულია საკრედიტო დავალიანების ყოველთვიური გადახდის ლიმიტი, დაკრედიტების ვადები და აკრძალულია 200 ათას ლარამდე თანხის უცხოურ ვალუტაში გაცემაც.

„ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, ნეგატიურად აისახა. შემცირდა გაცემული სესხების მოცულობა, დასაქმებულთა რაოდენობა და თვითონ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რაოდენობაც “, - განუცხადა საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელმა ვეფხია გიორგაძემ Sputnik საქართველოს.

საბანკო რეგულაციები შესაძლოა გამარტივდეს

ეკონომისტის განმარტებით, რეგულაციის შემოღებამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ყველაზე ხშირად ის ადამიანები მიმართავდნენ, რომლებსაც ბანკები უარს ეუბნებოდნენ სესხზე, იყვნენ ბანკების შავ სიაში ან უბრალოდ სწრაფად სჭირდებოდათ 1000 ლარამდე თანხა.

„იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავლების დადასტურება უჭირს, მათ შეეზღუდათ ფულზე ხელმისაწვდომობა. შედეგაც შემცირდა გაცემული სამომხმარებლო სესხებიც მოცულობაც, რაც თავის მხრივ უარყოფითად აისახა როგორც მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე, ასევე ბიზნესზე“- აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ.

ეკონომისტის თქმით, ეს პირველ რიგში  შეეხო მაღაზიებსა და სამშენებლო კომპანიებს, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ განვადების გარეშე შეიძინოს მაგალითად, მობილური ტელეფონი, ტელევიზორი, მაცივარი, მანქანა ან ბინა.  

„თუ სამშენებლო კომპანიამ ან მაღაზიამ პროდუქცია არ გაყიდა, იძულებული გახდება შეამციროს დასაქმებულების რაოდენობა, ეს კი ნიშნავს მეტ უმუშევარს და ნაკლებ შემოსავალს ოჯახების ბიუჯეტში. რაც საერთო ჯამში ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზეც“-აღნიშნა ვეფხია გიორგაძემ. 

დღეის მდგომარეობით მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში  სულ დასაქმებულია 4174 ადამიანი, შარშან კი მათი რაოდენობა 4590 შეადგენდა.

ლომბარდებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – სესხზე ხელმისაწვდომობა იზღუდება

მიკროსაფინანსოების მიერ გაცემული მთლიანი სესხების მოცულობამ, 2018 წლის სამი კვარტლის ჯამით 3, 662 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელი 3,324 მლრდ. ლარია. რაც იმას ნიშნავს, რომ გაცემული სესხების რაოდენობა 338 მლნ ლარით შემცირდა.

ვეფხია გიორგაძის თქმით, კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც მისო-ების რაოდენობა შეამცირა, მიკროსაფინანსო საზედამხედველო კაპიტალის გაზრდაა. მართალია ერთი მხრივ ეს მომხმარებლისთვის კარგია, რადგან მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური ზარალის განეიტრალებისათვის იქნება გამოყენებული, მაგრამ მეორე მხრივ ბევრმა მიკროსაფინანსომ ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა და რომელმა ორგანიზაციამაც შეძლო, ბრუნვისთვის უფრო ნაკლები თანხა დარჩა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საბანკო რეგულაციების შემოღების  მიზანს  წარმოადგენდა ერთის მხრივ ჭარბვალიანობის შემცირება, ხოლო მეორეს მხრივ კი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველყოფა.

საპროცენტო განაკვეთები... ანუ რა ღირს ფული საქართველოში?

ვეფხია გიორგაძის აზრით, შესაძლოა საბანკო რეგულაციებმა მოსახლეობის ჭარბვალიანობა, ნამდვილად შეამციროს, თუმცა რამდენად შეუწყობს ის ხელს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, ამას მომავალი გვიჩვენებს.

„ამ ეტაპზე მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, იანვარში  2019 წლის ეკონომიკური პროგნოზი  თუ 5%-ს შეადგენდა, აპრილის დასაწყისში  ეს მაჩვენებელი უკვე  4.6% გახდა. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი ე.წ. „პასუხისმგებლიანი დაკრედიტება“ - სასესხო რეგულაციები და საგარეო მოთხოვნის შესუსტება დაასახელა,“- განაცხადა ვეფხია გიორგაძემ.