„ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა
Sputnik

თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ შენობიდან გამოსულ დეპუტატებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. შენობასთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად მართავდა.

სხდომა დაიწყო: ოპოზიცია უმრავლესობას სირცხვილის დერეფანს უწყობს - ვიდეო

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ – „გრცხვენოდეთ“, „მონებო“.

ერთ-ერთი მონაწილის, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრ დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა პირმა, რომელიც მისი თქმით, სავარაუდოდ, სამართალმცველია, ხელი დაარტყა.

„ქართული ოცნების“ ოფისთან მყოფმა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ მას მოუწოდა, აღნიშნული ფაქტი პოლიციის განყოფილებაში დააფიქსიროს. 

ვაჟა სირაძის განცხადებით, ტერიტორიაზე სამართალდამცველები მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად იმყოფებიან. მისი თქმით, აქციაზე უფრო მეტია ჟურნალისტი და ოპერატორია, ვიდრე აქციის მონაწილე და თუ რამე დარღვევა დაფიქსირდა, სამართალდამცველები აუცილებლად მიიღებენ ზომებს. სირაძემ ასევე მოუწოდა აქციაზე მისულ ადამიანებს, დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. 

აქციაზე ადამიანები დილიდან იმყოფებიან. მათ მმართველი გუნდის დეპუტატებს სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შენობაში შესვლისას შეძახილებით აცილებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა მხარეებს დიალოგისთვის ყველა რესურსის გამოყენებისკენ მოუწოდა

გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის პარლამენტში ჩავარდნის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს განიხილავდა.

საქართველოს პარლამენტმა ხუთშაბათს ჩააგდო საარჩევნო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა ხელისუფლება ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციის სხვადასხვა ფრთა, მრავალწლიანი ქიშპობის მიუხედავად, გაერთიანდა პრინციპით - „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და მასშტაბური საპროტესტო აქციები დააანონსა პროპორციული სისტემით, დროებითი მთავრობის პირობებში, ვადამდელი საპარლამენტო აქციების გამართვის მოთხოვნით.