ხუთი ადგილი საქართველოში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულოთ

საქართველო ყველა სეზონზე ულამაზესია და მისი პეიზაჟების ხილვა ნებისმიერ დროს შეიძლება. ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ შემოდგომა წლის ყველაზე ლამაზი და ფერადი დროა, ამიტომ დასვენების და მოგზაურობისთვის გამორჩეული პერიოდად მიიჩნევენ.
Sputnik

გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ხუთი ადგილს, რომელიც შემოდგომაზე განსაკუთრებით ლამაზია და სწორედ ამ სეზონზე უნდა ნახოთ.

გომბორი

ხუთი ადგილი საქართველოში, რომელიც შემოდგომაზე უნდა მოინახულოთ

გომბორის უღელტეხილი წლის ნებისმიერ დროს ლამაზია, თუმცა ვიზიტორების უმრავლესობა უპირატესობას მაინც შემოდგომის გომბორს ანიჭებს. თელავისკენ მიმავალი ყველაზე მოკლე გზა გომბორის უღელტეხილზე გადის. უღელტეხილის მაქსიმალური სიმაღლე 1620 მეტრი. ეს საოცარი ადგილი მნახველებს მრავალფეროვანი ბუნებას და საუკეთესო ხედებს სთავაზობს. და რაც მთავარია თბილისთან ახლოს, სულ რაღაც საათ ნახევრის სავალზეა.

შუამთა

თუ გომბორის მონახულებას გადაწყვეტთ აუცილებლად ესტუმრეთ შუამთასაც, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. აქ სტუმრობისას შესაძლებლობა გაქვთ მოინახულოთ ძველი და ახალი შუამთის მონასტრები. ახალი შუამთის მონასტერში დაახლოებით ათი მონაზონი ცხოვრობს. მონასტერში მიმდინარეობს მთარგმნელობითი სამუშაოები, ხატწერა, ხელსაქმე და სხვა. აგრეთვე მონასტერს აქვს თავისი საკუთარი ზვრები, ფერმა და ფუტკრის მეურნეობა, საიდანაც მათ საშუალება ეძლევათ თაფლის გარდა დაამზადონ საეკლესიო სანთელი. შუამთის ორივე კომპლექსი განლაგებულია ფოთლოვან ტყეში, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.

შაორის ტბა

შაორის ტბა უდიდესი წყალსაცავია რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტბის ყველაზე ღრმა ადგილი 14.5 მეტრია. გადმოცემის თანახმად, წყლის დაგუბებამდე ამ ადგილას რამდენიმე სასმელი წყალი ამოდიოდა. ამჟამად წყალსაცავის ნაპირები მეტწილად დაბალი და დამრეცია, ზოგან ფლატეებია. ტბიდან იშლება რაჭის მთების ულამაზესი ხედი. შაორის ტბაზე შესაძლებელია თევზაობა, კარვების გაშლა ღამის გასათევად, კატერით სეირნობა.  მზის ჩასვლისას ტბა გარდამავალ ფერებში იმოსება.  შემოდგომის პერიოდში,  დასავლეთ საქართველოში შაორი საუკეთესო ადგილია ბუნებაში ხეტიალის მოყვარულთათვის.

გუდამაყრის ხეობა

თუ განტვირთვისთვის და ბუნებაში ხეტიალისთვის მხოლოდ ერთი დღე გაქვთ, გუდამაყარს ეწვიეთ, რომელიც თბილისიდან 72 კილომეტრში მდებარეობს. შემოდგომის პერიოდში ხეობა თითქმის დაცლილია, მაგრამ რამდენიმე სოფელში ადგილობრივები მაინც დაგხვდებიან. აუცილებლად მოინახულეთ გოდერძი ჩოხელის მშობლიური სოფელი ჩოხი. სოფელ  ჩოხში  მდებარეობს  გუდამაყრელთა ერთ-ერთი მთავარი სალოცავიც - პირიმზე ფუძის ანგელოზი.

ბატეთის ტბა

ბატეთის ტბა შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში,  ზღვის დონიდან 1313 მეტრზე მდებარეობს. საქართველოში არაერთი ულამაზესი ტბაა. მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სწორედ ბატეთის ტბაა. თუ გსურთ შაბათ-კვირას მოაწყოთ მცირე ლაშქრობა, განიტვირთოთ ბუნებაში, ტბის პირას, ან უბრალოდ მოაწყოთ პიკნიკი მეგობრებთან ერთად, ეს ადგილი გაამართლებს თქვენს მოლოდინს. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად გამორჩეულია. ტბას უამრავი ადამიანი სტუმრობს გაზაფხულის სიმწვანეში, ზაფხულის ცხელ დღეებში, თუ აფერადებული შემოდგომის დადგომისას.