ფულადი გზავნილები: რომელი ქვეყნებიდან იგზავნება უფრო მეტი თანხა

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93,9% 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, გასულ წელს ამ ქვეყნებზე მთელი ფულადი გზავნილების 94,0% მოდიოდა.
Sputnik

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. 2019 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 153,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 11,5%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.

2019 წლის ოქტომბერში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა – 37,86 მლნ აშშ დოლარი რუსეთიდან გადმოიგზავნა. ეს მთლიანი ჩარიცხული თანხის მოცულობის 24,71%-ია. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან შემოსული თანხა 4,53%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

საგარეო ბრუნვა: ექსპორტი იზრდება, იმპორტი – მცირდება

ევროკავშირის ქვეყნებიდან კი საანგარიშო პერიოდში საქართველოში 57,87 მლნ დოლარი შემოვიდა. ეს მთლიანი ჩარიცხული თანხის მოცულობის 37,77%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 16,75%-ით აღემატება.

ევროკავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მეტი თანხა – 21,01 მლნ აშშ დოლარი საქართველოში იტალიიდან გადმოირიცხა. პროცენტულად ეს მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 13,72%-ს შეადგენს და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 24,63%-ით მეტია. შემდეგ მოდის საბერძნეთი – 15,95 მლნ დოლარი, რაც მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 10,41%-ია და 3,94%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

წინა წელთან შედარებით აშშ-დან შემოსული თანხის რაოდენობა 6.13%-ით გაიზარდა და 2019 წლის ოქტომბერში 15,23 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ჩარიცხული მოცულობის 9,94%-ია.

ყველაზე მეტად ფულადმა გაზვნილებმა შარშანდელთან შედარებით ყაზახეთიდან იმატა – 127,03% (3.23 მლნ დოლარი), 89.56%-ით იმატა გადმორიცხვების მოცულობამ სომხეთიდან (1.32 მლნ დოლარი). ხოლო რაც შეეხება აზერბაიჯანს, აქ მატება 17,11%-ია (2.17 მლნ დოლარი).   

2019 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 22,5 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ოქტომბრის (21.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.9%-ით მეტია.