თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურმა კიევის ოლქში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, საქართველოს მოქალაქე ალ ბარ შიშანი დააკავა.
„უკრაინის უშიშროების სამსახურის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ერთობლივი ოპერაციის შედეგად დაკავებულია ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი საკვანძო ლიდერი“, — ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე ალ ბარ შიშანი, იგივე ცეზარ ტოხოსაშვილი, რომელიც 2013 წლიდან სამხედრო ამირას მოადგილე იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტი 2018 წელს უკანონოდ ჩავიდა უკრაინაში ყალბი პასპორტის გამოყენებით, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ სპეციალური ორგანიზაციების კოორდინირებას განაგრძობდა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, პორტრეტულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ „დაკავებული უცხოელი ნამდვილად არის „ისლამური სახელმწიფოს“ ძებნილი ლიდერი“.
ცეზარ ტოხოსაშვილის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც.
ცეზარ ტოხოსაშვილი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერის თარხან ბათირაშვილის გარემოცვაში იყო. ის სირიაში 2014 წელს წავიდა. მას შემდეგ უცხოურ მედიაში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, ტოხოსაშვილი ბოლო დროს უკრაინაში იმყოფებოდა.