თბილისის ზღვაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ემზარ კვიციანის ძმისშვილი დააკავეს

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კვიციანი მოკლული მამაკაცის მეგობარი და მისი ბავშვის ნათლიაა.
Sputnik

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 36 წლის ნოდარ ცხადაძის განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბექა კვიციანი დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ორი დღის წინ იპოვეს. 

მკვლელობა თბილისის ზღვაზე: ექსპერტებმა ცხედრიდან რვა ტყვია ამოიღეს

უწყების ცნობით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ცხადაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

წარსულში ნასამართლევი ბექა კვიციანი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრი ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბექა კვიციანი მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილის ნათლიაა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, ასევე 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.