თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექვსი რეგიონის 87 სოფელში, სადაც ელექტროენერგია შეყვანილი არასდროს ყოფილა, მზის ელექტროსადგურების მონტაჟი დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ელექტროსადგურები მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის, კახეთისა და იმერეთის სოფლებში მცხოვრებ 207 ოჯახში დამონტაჟდება.
მზის ელექტროსადგურები გათვალისწინებულია მხოლოდ იმ სოფლებისთვის, სადაც მუდმივი მცხოვრებლები არიან. მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატით განისაზღვრა, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის ჩასართავად.
სოფლის მოსახლეობას დაუმონტაჟებენ მზის ბატარეებს, რომლებზეც მწარმოებლის გარანტია 25 წელია.
მზის პანელების მოწყობა წლის ბოლომდე დასრულდება.
მთავრობას ტექნიკურად აშშ-ის საერთაშორისო განვითარებისა სააგენტოს ენერგეტიკის პროგრამა (USAID/Energy Program) ეხმარება.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფილი იქნება მთლიანი საქართველო, მისი ყველაზე შორეული კუთხეების ჩათვლით.