თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. „ქართული ოცნება“ საარჩევნო სისტემის გადახედვის შესაძლებლობას არ განიხილავს, განაცხადა პარტიის აღამსრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ხუთშაბათ დილით საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა შესწორებებს კონსტიტუციაში. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ლიდერების მოწოდებამ მაჟორიტარი დეპუტატებისადმი, მხარი დაეჭირათ კანონპროექტისთვის, შედეგი არ მოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შესწორებებს მოითხოვდა და, შესაბამისად, მხარს უჭერდა კანონპროექტს, მთლიანობაში საჭირო 113 ხმის ნაცვლად მხოლოდ 101 ხმის მიღება მოხერხდა. პარლამენტის წინ სპონტანური აქცია შეიკრიბა, რომელიც საღამოს უკვე მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.
კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი ასევე იყო რვა დეპუტატის, მათ შორის ვიცე–სპიკერის თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილება, დაეტოვებინათ დაკავებული თანამდებობები და პარტია „ქართულიოცნება – დემოკრატიული საქართველო“.
„ამ საკითხის შემობრუნება ჩემთვის წარმოუდგენელია. თუ გვინდა, რომ გუნდი ბოლომდე დავშალოთ და გავხლიჩოთ, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. არსებულ მოცემულობაში ეს არის წარმოუდგენელი. ჩვენი დღის წესრიგი არის მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ ზაფხულში დათანხმდა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ზეწოლით. საარჩევნო რეფორმის ინიციატივას მაშინ მხარი მმართველი პარტიიდან 93-მა დეპუტატმა დაუჭირა. სამშაბათს კი გაირკვა, რომ დაახლოებით 30 მაჟორიტარი არის წინააღმდეგი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს>>
ამჟამად პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ ახალგაზრდული მოძრაობის „სირცხვილია“, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და მომხრეები.