რატომ მცირდება მგზავრთნაკადი თბილისის აეროპორტში, ხოლო ქუთაისის აეროპორტში - იზრდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოქტომბერში მგზავრთნაკადი თითქმის 15 პროცენტით შემცირდა, პროგნოზით კი ზრდა 12% უნდა ყოფილიყო
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს აეროპორტები 2019 წლის ათ თვეში 4,6 მილიონ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, მაგრამ ნაკლებია წლის დასაწყისი პროგნოზზე, იუწყება პირველი არხი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოზე დაყრდნობით.

სააგენტოს მონაცემებით, მიზეზი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის გაუქმება გახდა.

მინისტრი: პრიორიტეტი – რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაა>>

ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მიმდინარე წლის 8 ივლისს შეწყდა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ეს გადაწყვეტილება თბილისში რუსი დეპუტატის ჩამოსვლის შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პროგნოზით, თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა 12% უნდა ყოფილიყო, ბათუმის აეროპორტში - 15%. ერთადერთი აეროპორტი, რომლის მაჩვენებლები და პროგნოზი შეესატყვისება ერთმანეთს, ეს ქუთაისის აეროპორტია.

თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადმა იკლო, ხოლო ქუთაისის აეროპორტში – მოიმატა

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამის მიზეზია ის, რომ ქუთაისის აეროპორტში, პრაქტიკულად, არ ფრენდნენ რუსული ავიაკომპანიები და კრიზისული ვითარება მასზე ამიტომ არ აისახა. ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც რუსეთიდან ქუთაისში ახორციელებდა ფრენებს, ეს „ურალის ავიახაზები" იყო.

საერთაშორისო აეროპორტები

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ათ თვეში მოემსახურა 3,2 მილიონ მგზავრს, რაც თითქმის 1%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ოქტომბერში აეროპორტით ისარგებლა 284,4 ათასმა ადამიანმა, რაც 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელზე 15%-ით ნაკლებია. თბილისის აეროპორტი ერთადერთი აღმოჩნდა საქართველოში, რომელსაც მგზავრთანაკადი შეუმცირდა.

ქუთაისის აეროპორტმა ათ თვეში მგზავრთა მომსახურება 40%-ით გაზარდა, 719,3 ათას ადამიანამდე. ოქტომბერში ქუთაისის აეროპორტით ისარგებლა 89,2 ათასმა მგზავრმა (+44%).

ვინ ლიდერობს ავიაგადაზიდვების ქართულ ბაზარზე – კომპანიების ტოპ-ხუთეული

ბათუმის აეროპორტით იანვარ-ოქტომბერში ისარგებლა 571,6 ათასმა მგზავრმა, რაც 3%-ით მეტია გასული წლის ათი თვის მაჩვენებელზე. ოქტომბერში აეროპორტში გაიარა 47,5 ათასი მგზავრი (+13%).

ადგილობრივი აეროპორტები

მესტიის აეროპორტი 10 თვეში მოემსახურა 7,1 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამბროლაურის აეროპორტით ისარგებლა 852-მა ადამიანმა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 5%-ით მეტია.

სულ 10 თვეში ადგილობრივი აეროპორტებით ისარგებლა 8,8 ათასმა მგზავრმა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.