მკვლელობა თბილისის ზღვაზე: ექსპერტებმა ცხედრიდან რვა ტყვია ამოიღეს

ამ დრომდე გრძელდება ნოდარ ცხადაძის მეგობრის, ბექა კვიციანის ძებნა, რომელიც ბოლო ადამიანი იყო ვინც გარდაცვლილს სიკვდილამდე შეხვდა.
Sputnik

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ნოდარ ცხადაძის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა დასრულდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

36 წლის ახალგაზრდის ცხედარი, ორდღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვასთან გუშინ იპოვეს.

თბილისის ზღვაზე მოკლული ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს

ექსპერტებმა ცხედრიდან რვა ტყვია ამოიღეს.

ამ დრომდე გრძელდება ნოდარ ცხადაძის მეგობრის, ბექა კვიციანის ძებნა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ადამიანი იყო ვინც გარდაცვლილს სიკვდილამდე შეხვდა, შეხვედრის შემდეგ კი ორივეს კვალი დაიკარგა.

ბექა კვიციანი საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, ემზარ კვიციანის ძმისშვილია.

დეპუტატი გარდაცვლილსა და მის ძმისშვილს შორის რაიმე სახის კონფლიკტს გამორიცხავს.

„ორივეს ეძებენ ორი დღეა უკვე. ორივე არიან დაკარგულები, ჯერ არ ვიცი არაფერი. ჩემი ძმისშვილი ორი თვის უკან ვნახე ბოლოს, ნათესაური კავშირი აქვთ, ერთად გაზრდილები არიან და ბავშვის ნათლიაა ჩემი ძმისშვილი მაგისი. არ ვიცი ერთად რას საქმიანობდნენ," - აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით და ასევე 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.